ფეხბურთის ფედერაცია გარიგებულ თამაშებთან საბრძოლველად დეპარტამენტის შექმნას გეგმავს

რატომ გადაიდო მატჩი ხობის ,,კოლხეთსა “და ცხინვალის ,,ლიახვს” შორის და რა გარიგებაზე საუბრობს ლევან კობიაშვილი? სფფ-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, 29 ნოემბერს, ხობში ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის მეთექვსმეტე ტურის მატჩი ხობის „კოლხეთსა“ და ცხინვალის „ლიახვს“ შორის გადაიდო. მათივე ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა სამსაჯო ჯგუფთან და კლუბების ხელმძღვანელებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო მატჩის გადადების გადაწყვეტილება. მიზეზი თამაშის გამო გარიგების მაღალი რისკი გახდა. აღნიშნულ თემაზე კომენტარი ლევან კობიაშვილმა გუშინვე გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ეს არის დაუშვებელი ფაქტი, როდესაც ფინანსური სარგებელის მიღების მიზნით ხდება თამაშების შედეგებზე ზემოქმედება. დღეს ჩვენ მივიღეთ ამ საშიშროების შესახებ ინფორმაცია. მე ვიმყოფებოდი ადგილზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თამაში გადაგვედო. ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდეთ სამართალდამცავებს და გვაქვს მოლოდინი, რომ მოხდება სათანადო გამოძიება და უმკაცრესად დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც პირდაპირი თუ ირიბი გზით ჩართულია გარიგებული თამაშების სქემაში. ვაფიქსირებ საჯაროდ ჩვენს პოზიციას, უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე, რადგან ფეხბურთი არ არის ის სფერო, სადაც ადგილი ექნება მსგავს ფინანსურ მანიპულაციებს”, – აცხადებს ლევან კობიაშვილი.

,,ფოსტალიონი” დაუკავშირდა საფეხბურთო გუნდ ხობის ,,კოლხეთის” დირექტორს, კობა კობახიძეს. მისი განცხადებით, ცხინვალის ,,ლიახვის” გუნდის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ვიღაცამ შესთავაზა თანხა აღნიშნული მატჩის წაგების სანაცვლოდ. კობახიხიძის ინფორმაციით, ის ფეხბურთელი უკვე დაკითხეს სამართალდამცავებმა და მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ჩვენ ასევე შევეცადეთ, აღნიშნულ საკითხზე კომენტარი მოგვესმინა ცხინვალის ,,ლიახვის” გუნდის დირექტორისაგან, თუმცა მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მისი ტელეფონი გამორთული იყო.

წყარო
postalioni.ge

Comments
Loading...