ფილიპინებში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „აბუ საიაფის“ მებრძოლებმა აიღეს

ფილიპინების პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს მშობლიურ ქალაქში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ისლამისტური დაჯგუფება „აბუ საიაფის“ მებრძოლებმა აიღეს.

BBC-ის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, რომელიც ქალაქ დავაოს ბაზართან მოხდა, სულ მცირე 14 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ათობით მოქალაქე დაშავდა.

აფეთქების დროს ქვეყნის პრეზიდენტი ქალაქში იმყოფებოდა, თუმცა ის ბაზრის სიახლოვეს არ ყოფილა. მან ქალაქში სამხედრო მოსამსახურეების გასვლის განკარგულება გასცა, რათა სამართალდამცველებს მომხდარის გამოძიებაში დაეხმარონ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა.

ქვეყნის დედაქალაქ მანილაში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული. შემთხვევის შედეგად 60 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 30 ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

Comments
Loading...