ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, უძრავი ქონების რეკლამა ლარში უნდა იყოს

უძრავი ქონების რეკლამა აუცილებლად უნდა ოყოს მხოლოდ ლარში, რათაც ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლოთ ფასების შედარება როგორც კონკურენტის ფასებთან, ისე საკუთარ შემოსავალთან.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ ლარიზაციის რეფორმის საკანონმდებლო პაკეტის საპარლამენტო განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარი მიზანია, საქონლის რეალიზაციის ან მომსახურების რეკლამირებისას დაცული იყოს თითოეული მომხმარებლის ინტერესი.
„კურსის ცვალებადობა პრობლემებს უქმნის უძრავი ქონების ბიზნესს, თუ ლარი უფასურდება უძრავი ქონება იაფდება და პირიქით, რაც ამ სექტორში ფასების მერყეობას, გაყიდვების შემცირებასა და სხვა დასხვა პრობლემებს იწვევს. მეორე მხრივ, თუ უძრავი ქონების ფასები ლარით იქნება დენომინირებული, ეს დაეხმარება მყიდველს უკეთ დაგეგმოს უძრავი ქონების შესყიდვა. აღნიშნული გადაწყვეტილება, ასევე, ხელს შეუწყობს ლარის დეპოზიტების ზრდას,“ – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.
მისი თქმით, ეროვნულ ვალუტაში მომსახურების ან სარეალიზაციო ფასის ლარში გამოხატვა მომხმარებლისთვის გაზრდის პროგნოზირებადობას, ბიზნესისთვის – რომლისთვისაც როგორც ცნობილია, პირველადი მშენებლობის ხარჯის უმეტესი ნაწილი ეროვნულ ვალუტაში აქვს, შეამცირებს რისკებს. მომხმარებელი არ იქნება დამოკიდებული კურსის ცვლილებაზე და უკეთ შეძლებს საკუთარი შემოსავლების განკარგვას გრძელვადიან პერიოდზე.

„აღნიშნული მიღებულია საერთაშორისო პრაქტიკაში – მრავალმა ქვეყანამ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება და საბოლოო ჯამში, ხელი შეუწყო ადგილობრივი ვალუტის მიმართ ნდობის გამყარებას,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

Comments
Loading...