ფირცხალავა ბიძინა კუჭავას მაღალდაძისა და ნინუების მკვლელობაში ადანაშაულებს

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ფირცხალავამ გოჩა მაღალდაძისა და ნინუების მკვლელობაში ბიძინა კუჭავა დაადანაშაულა. როგორც ფირცხალავამ სააპელაციო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე განაცხადა, 2007 წელს მაღალდაძის მკვლელობის დროს ის იყო კრიმინალური პოლიციის დირექტორი.

როგორც ფირცხალავამ აღნიშნა, მაღალდაძე მოკლული იყო სპეციალური – „გრუს“ იარაღით, რომელიც იშვიათი სახეობაა.

ფირცხალავას ინფორმაციით, კახა მისირელმა, რომელიც სოდ-ის თანამშრომელი იყო, ბიძინა კუჭავას კაზინოში თანხა წააგო და ირაკლი ფირცხალავას ვარაუდით, თანხის სანაცვლოდ, კახა მისირელმა ბიძინა კუჭავას იარაღი მიყიდა.

„2007 წელს, როდესაც მოხდა გოჩა მაღალდაძის მკვლელობა, კრიმინალური პოლიციის დირექტორი ვიყავი. მცხეთის ქუჩაზე გამოვცხადდი. მოკლული იქნა თავში გასროლით. სპეციალური იარაღით მოხდა გასროლა – „გრუს“ იარაღით. ეს არის იშვიათი სახეობის იარაღი. ამოღებულ იქნა შემთხვევის ადგილზე ტყვია. აჭარის რევოლუციის დროს წამოვიღეთ მსგავსი ტიპის იარაღები და ინახებოდა სოდ-ში და ბოლოს აღმოვაჩინეთ, რომ ერთ-ერთი იარაღი იყო გამქრალი და არსებობდა ოპერატიული წყარო, რომელიც გვაწვდიდა ინფორმაციას, რომ კახა მისირელმა კუჭავას კაზინოში წააგო ფული და ეს იარაღი, სავარაუდოდ, 5 000 დოლარის სანაცვლოდ მიყიდა ბიძინა კუჭავას“, – განაცხადა ფირცხალავამ.

მისივე თქმით, კუჭავა, ასევე ფიგურირებს ბიზნესმენ ნინუასა და მისი ცოლის მკვლელობის საქმეში.

როგორც ფირცხალავამ აღნიშნა, ორი წლის შემდეგ მიცკევიჩის ქუჩაზე ნინუების მკვლელობა მოხდა და ფირცხალავას თქმით, მკვლელობაც იმავე ტიპის იარაღით არის ჩადენილი. ამოღებული სამივე ტყვია, მაღალდაძის მკვლელობის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტყვია და ასევე, ნინუების მკვლელობის ადგილიდან ამოღებული ტყვიები არის იდენტური.

როგორც ფირცხალავამ აღნიშნა, ნინუების საქმეზე დაკავებული გოგია უდანაშაულოა და ის სასჯელს ტყუილუბრალოდ იხდის.

„აღნიშნულ საქმეზე დაკავებული პირი ტყუილად ზის ციხეში. ეს მკვლელობა ჩადენილი იყო ბიძინა კუჭავას მიერ და მის მიერ დაქირავებული ადამიანის მიერ. შეუძლიათ, გამომძიებლები მოვიდნენ ჩემთან საპყრობილეში და მე დავუსახელებ კონკრეტულ გვარებს, რომ ეს უდანაშაულო კაცი გამოვიდეს ციხიდან“-განაცხადა ფირცხალავამ.

ასევე, ფირცხალავამ ისაუბრა შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ კუჭავამ თავი მოიკლა.

მისი თქმით, სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩატარდა სპეცოპერაცია, რა საქმეზეც ისინი დღეს ციხეში არიან ციხეში. მისი თქმით, თუ მაშინ იყო შესაძლებელი ადგილზე ვიდეომასალის გავრცელება, ასევე, შეუძლიათ, ვიდეომასალა დღესაც გაასაჯაროონ.

„ჩვენ ბრალად გვედება, რომ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არ გვქონდა თვალთვალის უფლება. ზუსტად იგივე ადგილას, დღეს პოლიციას თურმე ჰქონია თვალთვალის უფლება. კუჭავას დაკავების სპეცოპერაციას რაც შეეხება, ყველა პატრულის თნამშრომელს უკეთია კამერა, ასევე, არის კამერები იუსტიციის სახლთან, როდესაც ჩვენ მაშინ წარმოვადგინეთ ვიდეომასალა, დღესაც შეუძლია სამართალდამცავ უწყებას, გამოაქვეყნოს ეს მასალა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული განცხადების შემდეგ, მესტუმრება ციხეში ვინმე და დავუსახელებ კონკრეტულ გვარებს, ვეტყვი, რომ გოგია უდანაშაულოა“, – განაცხადა ფირცხალავამ.

Leave A Reply

Your email address will not be published.