ფონდ ‘’ქართუს’’ ოპერის რესტავრაცია 40 მლნ დოლარი დაუჯდა

6 წლიანი პაუზის შემდეგ, 30 იანვარს თბილისის ოპერა იხსნება. დედაქალაქის ერთადერთი საოპერო თეატრის რემონტი 2010 წელს ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო.

თეატრის ინფორმაციით, აღდგენითი-სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში ოპერას ჩაუტარდა შიდა და გარე სარესტავრაციო სამუშაოები, გამაგრდა ფუნდამენტი, სახურავი ფურცლოვანი სპილენძით გადაიხურა, განახლდა და ამავდროულად, პირვანდელი სახე შეუნარჩუნდა ოპერის თეატრის ფასადსა და ინტერიერს; სრულიად შეიცვალა სცენის ზედა – ქვედა მექანიზაცია; გაფართოვდა საორკესტრო ორმო; დამონტაჟდა ულტრათანამედროვე ვიდეო, აუდიო, ინტერკომი და განათების სისტემები; სრულიად შეიცვალა შიდა და გარე ქსელები; რესტავრირება გაუკეთდა და ხელახლა მოოქროვდა დარბაზი; თეატრი სრულად აღიჭურვა უმაღლესი კლასის ინსტრუმენტებით (მათ შორისაა ორი დიდი საკონცერტო სტეინვეის როიალი); სრული რესტავრაცია ჩაუტარდა დარბაზში მაყურებელთა სკამებს; რესტავრაცია ჩაუტარდა ნოდარ ერგემლიძის დიზაინით ავსტრიაში დამზადებულ 100 ნათურიან ბროლის ჭაღს; თეატრი სრულად აღიჭურვა ახალი ავეჯითა და კომპიუტერული ტექნიკით; გადაკეთდა ჯანსუღ კახიძის სახელობის სარეპეტიციო დარბაზი (მოეწყო მცირე სცენა და საორკესტრო ადგილი); თეატრს დაემატა ღია ვერანდები და საგამოფენო სივრცე. მსახიობებისთვის გაკეთდა ახალი საგრიმიოროები, ანტრაქტების დროს დასასვენებელი დარბაზი, თანამშრომლებისათვის აშენდა სასადილო; გაფართოვდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა თეატრის მიმდებარე სკვერს.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, შეძენილია „პანასონიკის“ ფირმის 2 მძლავრი პროექტორი, რომელიც შეამცირებს სპექტაკლების სადადგმო ღირებულებას. ავსტრიულმა ფირმა „ვაგნერმა“ და სერბეთის ფირმამ „სვეტლიოსტმა“ დაამონტაჟა თანამედროვე პროჟექტორები განათებისათვის, გერმანულმა ფირმა „ზალცბრენერმა“ თეატრი გახმოვანების უახლესი აპარატურით აღჭურვა.

ოპერის თეატრის სარემონტო სამუშაოები 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოფიციალური მონაცემებით, მისი რესტავრაცია-აღგენა 40 მილიონი დოლარი დაჯდა.

როგორც ოპერის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, სარემონტო თანხები სრულად გაიღო ფონდმა „ქართუმ“.

სხვა არცერთ საჯარო დაწესებულებასა, თუ კერძო ორგანიზაციას, ოპერის სარემონტო სამუშაოებში ფინანსური მონაწილეობა არ მიუღია. ოპერის თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 6 წლის განმავლობაში თეატრისათვის ასევე არანაირი ფინანსური დახმარება არ გაუწევია ‘’ოპერის მეგობართა საბჭოს“, რომელიც 2011 წელს შეიქმნა და ერთ-ერთი დამფუძნებელი იმ დროისათვის უკვე ბიზნესმენი, დავით კეზერაშვილი იყო. პრეზენტაციაზე საპატიო თავმჯდომარედ თბილისის იმჟამინდელი მერი, გიგი უგულავა აირჩიეს. მაშინ დავით კეზერაშვილი აცხადებდა – „მე დავაფინანსებ, დანარჩენს საბჭო გადაწყვეტს. თანხები არ იქნება ცოტა”.

ოპერის თეატრი 30 იანვარს ზაქარია ფალიაშვილის ოპერით „აბესალომ და ეთერი“ გაიხსნება. დღეიდან კი გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული დაიწყო.

25 იანვარს18:00 საათზე გაიმართება – „ოპერის თეატრის 100 წლის ისტორია“ – წიგნის პრეზენტაცია;
(ოპერისა და ბალეტის თეატრი; მის: რუსთაველის გამზირი 25)

26 იანვარს 16:00 საათზე – „ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნისადმი მიძღვნილი გამოფენა“
(ხელოვნების სასახლე; მის:ია კარგარეთელის ქ. 6)

27 იანვარს 18:00 საათზე დაგეგმილია – ოპერის ფარდის აღდგენის ისტორიაზე გადაღებლი ფილმის „შედევრის გაცოცხლება“ პრეზენტაცია ( ეროვნული მუზეუმის აუდიტორია მის: ფურცელაძის ქ. 3);

28 იანვარი 16:00 საათი – ფოტოგამოფენა – „ოპერა რეაბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ“;
(ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრი – სიმფონიური მუსიკის დარბაზი; მის დ. აღმაშენებლის გამზ. 123/125).

ფოტო agenda.ge

Comments
Loading...