ფონდი „იავნანა“ – ჩვენთვის ცნობილია, რომ დაინტერესებული მხარეები „იავნანას“ წინააღმდეგ ახალი კამპანიის აგორებას გეგმავენ

ფონდ ”იავნანას” წარმომადგენლების ინფორმაციით, დაინტერესებული მხარეები „იავნანას“ წინააღმდეგ ახალი მიზანმიმართული კამპანიის აგორებას გეგმავენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”იავნანადან” აცნობეს, ფონდი 2016 წლის 9 ოქტომბრამდე თავს შეიკავებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მედიასთან ყოველგვარი კომენტარების ჩაწერისა და გამოქვეყნებისგან, რათა საქველმოქმედო ფონდის საქმიანობა არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური „შავი პიარის“ იარაღად. 9 ოქტომბრის შემდეგ კი ფონდი ყველა თემაზე სასაუბროდ ღია იქნება.

”ბოლო ორი თვის მანძილზე, ჩვენ არაერთხელ გავხდით მოწმენი წინაასარჩევნო მიზნებისთვის, გარკვეული ძალების მიერ, საქველმოქმედო ფონდით მანიპულირების ფაქტისა. „იავნანას“ შემოქმედებითი და ადმინისტრაციული ჯგუფი, ვინც 13 წლის მანძილზე ყოველდღიური დაუღალავი შრომით შექმნა ფონდის სახე და განახორციელა საერთაშორისო მნიშვნელობის მრავალი საქველმოქმედო და კულტურული პროექტი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძემ ფონდიდან გასვლის შესახებ საჯარო განცხადება 2015 წლის დეკემბერში გააკეთა. მოგვიანებით კი, ყველა კანონის დაცვით, სრულად გაემიჯნა ფონდის გამგეობასა და ადმინისტრაციას.

მიუხედავად იმისა, რომ ფონდის საქმიანობა აღარ უკავშირდება პაატა ბურჭულაძეს, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დაინტერესებული მხარეები „იავნანას“ წინააღმდეგ ახალი მიზანმიმართული კამპანიის აგორებას გეგმავენ. ფონდი 2016 წლის 9 ოქტომბრამდე თავს შეიკავებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მედიასთან ყოველგვარი კომენტარების ჩაწერისა და გამოქვეყნებისგან, რათა საქველმოქმედო ფონდის საქმიანობა არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური „შავი პიარის“ იარაღად. 9 ოქტომბრის შემდეგ კი ფონდი ღია იქნება ყველა თემაზე სასაუბროდ, ნებისმიერი მედია-უწყების წარმომადგენელთან და მათთვის საინტერესო ყოველგვარი დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლად”, – ნათქვამია ”იავნანას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...