ფონდი „ქართუ“ მოსახლეობას კიდევ ერთ საჩუქარს უკეთებს

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქართველოს მოსახლეობას მორიგ საჩუქარს უკეთებს და „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებულ 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მინიატურების პარკს სახელმწიფოს გადასცემს.

„საქართველო მინიატურებში“ – საქართველოს კულტურულ–არქიტექტურულ ძეგლთა მაკეტები 2 ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს და იგი შეკვეთილში, ატრაქციონების პარკ „ციცინათელას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტულ–რეკრეაციულ პარკშია გაშენებული.

მინიატურების კომპლექსი კომპანია „არქიტექტურული ლაბორატორია #3“-მა დააპროექტა. კომპლექსი მოიცავს პარკს, არქიტექტურულ ძეგლთა მინიატურებს, ინფრასტრუქტურას და ვიზიტორთა ცენტრს, რომელშიც განთავსებულია მინი ამფითეატრი, კაფე და სხვა ფუნქციური სივრცეები.

მინიატურების პარკის სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონია ხვალ, 17:30 საათზე გაიმართება და მას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

Comments
Loading...