ფონიჭალაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ორი მამაკაცი მოიწამლა

თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა. გაზის გაჟონვის შედეგად, ამჯერად, ორი მამაკაცი მოიწამლა.

CO-თი მოწამლულები საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს.

როგორც „ინფო 9“-ს სამედიცინო ცენტრის ფინანსურმა დირექტორმა ვეფხია ოდიშარიამ განუცხადა, 32 და 36 წლის ორი აზერბაიჯანელი მამაკაცი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში ფონიჭალის დასახლებიდან გადაიყვანა.

დაშავებულების მოწამვლის მიზეზი სავარაუდოდ, გაზის გამათბობლის გაუმართაობა გახდა. ორივე მამაკაცი მკურნალობას საპატრიარქოს კლინიკის „ემერჯენსის“ განყოფილებაში გადის.

არსებული ინფორმაციით, პაციენტები დმანისიდან არიან და ფონიჭალის დასახლებაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ.

Comments
Loading...