ფოტოხელოვანი, რომლის წინაშე პრეზიდენტები, მეცნიერები და მსახიობები ხტუნაობდნენ

„ხტუნაობის დროს, ადამიანის ყურადღება ახტომის პროცესისკენაა მიმართული, ამიტომ ნიღაბი ძვრება და მისი ჭეშმარიტი სახე ჩანს“, – წერდა ფოტოხელოვანი ფილიპ ჰალსმანი თავისი ფოტოალბომის „ნახტომების წიგნის“ წინასიტყვაობაში, რომელშიც ცნობილი ადამიანების 200 ფოტო შევიდა.

ფილიპ ჰალსმანი 1906 წელს რიგაში, ებრაელი სტომატოლოგისა და მასწავლებლის ოჯახში დაიბადა.
ფოტოხელოვნების მიმართ ინტერესი ადრეული ბავშვობიდან გამოავლინა და სულ პატარამ პირველი ფოტოებიც გადაიღო.
სანამ საცხოვრებლად პარიზში გადავიდოდა და თავის ფოტოსტუდიას გახსნიდა, დრეზდენში საინჟინროზე სწავლობდა.
22 წლის იყო, როცა ავსტრიის ალპებში მამასთან ერთად სასეირნოდ წავიდა. კლდეზე გადასვლისას ფილიპის მამას ფეხი დაუსხლტა და მაღალი სიმაღლიდან გადავარდა. ვინაიდან მომხდარს თვითმხილველი არ ჰყოლია, მამის დაღუპვაში შვილი დაადანაშაულეს და მკვლელობისთვის 10 წელი მიუსაჯეს.
მომხდარის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო. ორი წლის შემდეგ ფილიპ ჰალსმანი, ალბერტ აინშტაინისა და თომას მანის ჩარევის შედეგად, ციხიდან გაათავისუფლეს.
მამასთან დაკავშირებული ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ფილიპი იძულებული იყო, ავსტრია დაეტოვებინა და საცხოვრებლად საფრანგეთში გადასულიყო. პარიზში ყოფნის დროს, მან ნელ-ნელა დაიწყო თავისი გატაცების პროფესიად ქცევა და მალე სახელიც გაითქვა.
პირველი ატელიე მონპარნასზე გახსნა.
საკუთარი, ინოვაციური პროექტით შექმნილ, სარკისებრი ფოტოკამერით გადაღებულ ფოტოებს ფილიპი მსოფლიოს წამყვან ჟურნალებში აქვეყნებდა. უამრავი გაზეთი, დიდი ჰონორარის ფასად, შეკვეთებს აძლევდა.
მუშაობდა მოდის სფეროშიც და ჰყავდა კერძო კლიენტებიც.
მეორე მსოფლიო ომის წინ, ჰოლოკოსტისგან  თავი რომ ეხსნა, საფრანგეთის ყველაზე პოპულარული ფოტოგრაფი იძულებული გახდა, ევროპას გარიდებოდა. ალბერტ აინშტაინი მას ამერიკაში გადასვლაში დაეხმარა.
ცნობისთვის, აინშტაინის სახელგანთქმული ფოტო, სადაც უდიდეს მეცნიერს ენა აქვს გამოყოფილი, სწორედ ფილიპ ჰალსმანის გადაღებულია.
1941 წელს ფოტოხელოვანმა სალვადორ დალი გაიცნო.
მხატვართან 30-წლიანი მეგობრობის მანძილზე ხელოვანთა ტანდემის შედეგად უამრავი უნიკალური ფოტო შეიქმნა. მათ შორის სიურრეალისტური ხასიათის ფოტოებიც მრავლად იყო. 1954 წელს ჰალსმანმა გამოსცა ფოტოალბომი, რომელსაც „დალის ულვაშები“ უწოდა.
ნოვატორული იდეების დამსახურებით, 1945 წელს ფილიპ ჰალსმანი ფოტოგრაფების ამერიკული საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს, თუმცა თავად ყველაზე მეტად იმ 100 ფოტოთი ამაყობდა, რომელიც ჟურნალ „life“-თვის გადაიღო. აქ ნახავდით სალვადორ დალის, ალბერტ აინშტაინის, ბრიჯიტ ბარდოს, ანრი მატისის, სოფი ლორენს, მერილინ მონროს, უინსტონ ჩერჩილის, ჯონ კენედისა და სხვა ცნობილი ადამიანების ფოტოებს.
ფილიპს პორტრეტული ჟანრისთვის არასოდეს უღალატია. „ადამიანი ყოველთვის მაინტერესებდა. კარგი პორტრეტი ახლაც და ასი წლის შემდეგაც უნდა ასახავდეს, როგორ გამოიყურება ადამიანი და როგორად წარმოუდგენია საკუთარი თავი“, – ამბობდა ჰალსმანი.
ფოტოხელოვანის მთავარი ნიშა მაინც ცნობილი ადამიანების ნახტომების გადაღება იყო. ფოტოსესიის ბოლოს ფოტოხელოვანი თავის ცნობილ მოდელებს სთხოვდა, ამხტარიყვნენ. ზოგიერთს ასეთი თხოვნა უცნაურად ეჩვენებოდა, მაგრამ ჰალსმანს ადამიანების დაყოლიება კარგად ეხერხებოდა.
„50-იანი წლებიდან მოყოლებული, ყველა ცნობილ ადამიანს, ვისაც ვიღებდი, ვთხოვდი, ეხტუნავათ. მხოლოდ გულწრფელი ცნობისმოყვარეობა მამოძრავებდა. ბოლოს და ბოლოს, ცხოვრებამ გვასწავლა სახის გამომეტყველების დაფარვა, მაგრამ ნახტომის დროს ამის გაკეთება შეუძლებელია. მინდოდა, მენახა, როგორ კარგავენ ცნობილი ადამიანები ხტუნვის დროს საკუთარ ამბიციებს. როგორ ავლენენ საკუთარ თავში დაეჭვებას, დაუცველობასა და ხასიათის სხვა თვისებებს“.
1958 წელს ჟურნალმა „პოპულარული ფოტოები“ ფილიპ ჰალსმანი მსოფლიოს ათ უდიდეს ფოტოგრაფს შორის დაასახელა.
ფოტოხელოვანის წარმატება ოსტატობის, წარმოსახვის, გამბედაობისა და მხიარული ბუნების საუკეთესო ნაზავი იყო, რაც ადამიანებს მის მიმართ სიმპათიით განაწყობდა.
ფილიპ ჰალსმანი 1979 წელს ნიუ-იორკში 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
2007 წელს ეკრანზე გამოვიდა რეჟისორ ჯოშუა სინკლერის ავსტრიულ-ბრიტანული მხატვრული ფილმი „იხტუნე“, რომელიც ფილიპ ჰალსმანის ცხოვრების რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული.
„ყოველი სახე, რომელსაც მე ვხედავ, განწყობილია იმისთვის, რომ დაიმალოს. არსებობს გულწრფელობის მხოლოდ წამი და სწორედ ესაა ადამიანური ყოფის საიდუმლო. ამ გულწრფელობის დაჭერა და ასახვა ჩემი ცხოვრების მიზნად იქცა“, – ფილიპ ჰალსმანი.
 
ბრიჯიტ ბარდო


 
ოდრი ჰეპბერნი


 
კომიკოსები დინ მარტინი და ჯერი ლიუისი

6 საათი, 28 ტოლჩა წყალი, სკამი და სამი კატა დასჭირდათ ჰალსმანის თანაშემწეებს, რომ 1948 წელს, ჟურნალი „life“-თვის სალვადორ დალისა და გალას სიურრეალისტური ფოტოები გადაეღოთ.

მუნჯი კინოს კომედიური მსახიობი ჰაროლდ ლლოიდი

ამერიკის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი

მერილინ მონრო


 
სოფი ლორენი

ბირთვული ბომბის გამომგონებელი რობერტ ოპენგეიმერი

გრეის კელი


 
ფილიპ ჰალსმანის ბიუსტი რიგაში

Comments
Loading...