“ფრანს 2”- ეგვიპტეში ჩამოვარდნილი რუსული თვითმფრინავის ბორტზე აფეთქება მოხდა

ეგვიპტეში ჩამოვარდნილი რუსული თვითმფრინავის ბორტზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ტელეკომპანია “ფრანს 2”, ერთ-ერთ გამომძიებელზე დაყრდნობით იტყობინება. წყაროს ცნობით, შავი ყუთების ჩანაწერში აფეთქების ხმა ისმის, რომელიც ძრავის წყობიდან გამოსვლას არ უკავშირდება.
“ფრანს 2”-ის ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა. სააგენტო “რია ნოვოსტი”, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულ მხარეს აფეთქების ვერსიის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია.
თავის მხრივ, ტელეკომპანია “ენბისი” სადაზვერვო წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 31 ოქტომბერს ეგვიპტელმა მებრძოლებმა “ისლამური სახელმწიფოს” ხელმძღვანელ პირებს რუსული ავიალაინერის ჩამოგდების შესახებ აცნობეს.
მანამდე, აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებმა არ გამორიცხეს, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ბორტზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო.
რუსული ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა 31 ოქტომბერს მოხდა. ავიაკომპანია “კოგალიმავიას” სამგზავრო ლაინერი Aირბუს-321-ი, რომელიც შარმ ელ-შეიხიდან სანქთ-პეტერბურგში მიემგზავრებოდა, სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა.

Comments
Loading...