ფსიქოტროპული მედიკამენტის ურეცეპტოდ გაცემის 13 ფაქტი გამოავლინეს

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ფსიქოტროპულ აფთიაქებში ჩატარებული მონიტორინგის პირველი შედეგები გამოაქვეყნა.

სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის დავით მაჭარაშვილის განცხადებით, 5 აგისტოდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით განხორციელებული კონტროლის შედეგად, დარღვევები 30 შემთხვევაში დაფიქსირდა.

„გამოვლენილია ურეცეპტოდ ფსიქოტროპული მედიკამენტის გაცემის 13 ფაქტი, აღურიცხავი ფსიქოტროპული მედიკამენტების არსებობის ხუთი ფაქტი, მეორე ჯგუფის მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის 11 ფაქტი, აფთიაქის მხრიდან უნებართვო საქმიანობის განხორციელების ერთი ფაქტი. ასევე დადგა 13 ფარმაცევტის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. ამავე პერიოდში ფუნქციონირება შეაჩერა 17-მა ავტორიზებულმა აფთიაქმა“, – განაცხადა დავით მაჭარაშვილმა.

რეგულირების სააგენტოს სპეციალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, კონტროლის ღონისძიებებს 24-საათიან რეჟიმში განაგრძობენ.

Comments
Loading...