„პოლიტიკური აქტივობა და თავდაცვის მინისტრობა არც-თუ მარტივად თავსებადი თემებია“

„ნაკლები დიპლომატიური გამოცდილების გამო, თავდაცვის მინისტრი ისეთი საკითხების განხილვებში ებმება, რომელიც მისაღებია მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციიდან, ან პარტიული ნიშნით დაკომპლექტებული ტრიბუნიდან“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.

როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები კოალიციაში, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge სოსო ცისკარიშვილის ესაუბრა.

პრემიერი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ხიდაშელის მხრიდან კოალიციის დაპირისპირებაში ჩართვა. კვირიკაშვილის ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ არ იზიარებს მთავრობის წევრის პოზიციას?

სოსო ცისკარიშვილი: ჩემთვის მოულოდნელია თავად ფაქტი, მაგრამ ვიზიარებ ამ განცხადების პათოსს და შინაარსს. ნაკლები დიპლომატიური გამოცდილების გამო, თავდაცვის მინისტრი ისეთი საკითხების განხილვებში ებმება, რომელიც მისაღებია არასამთავრობო ორგანიზაციიდან, ან პარტიული ნიშნით დაკომპლექტებული ტრიბუნიდან. სხვა მხრივ, მისი ქმედება აღიქმება, როგორც გარკვეული შედეგების შეჯამება, რაც მინისტრის ფუნქცია არ გახლავთ. ეს თემა, რაც უფრო მალე ამოიწურება, მით უმეტეს მედიასივრცეში, რასაკვირველია, მით უკეთესი იქნება. ცხადია, ვიდრე მინისტრი დააპირებს საკუთარი უფლებამოვალეობების სივრციდან გასვლას, ალბათ, უპრიანი იქნება, რომ ჯერ პრემიერ-მინისტრთან ჰქონდეს ამ თემაზე პირდაპირ საუბარი.

ვხედვათ, რომ კოალიციის ორ სუბიექტს შორის არსებულმა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ უფრო მძაფრი სახე მიიღო. არც ერთი მხარე დათმობაზე არ მიდის. როგორ ფიქრობთ, პროცესები მივა იმ კონდიცამდე, რომ რესპუბლიკურ ფრთას მოუწიოს მთავრობის შემადგენლობის დატოვება და მით უფრო პარლამენტის თავმჯდომარეს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ პრემიერის ულტიმატუმს – თუ ნებისმიერი სადავო საკითხების განხილვა არ მოხდება კოალიციის შიგნით, აუცილებლად განახორციელებს ცვლილებებს?

– პრემიერს საკადრო საკითხებში გადაწყვეტილების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ მთავრობის წევრების და მათი მოადგილეების მიმართ, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოს ვერანაირ ცვლილებას ვერ მოახვევს თავს. რასაკვირველია, ეს იქნება პრემიერის შეცდომა, თუ მეოთხე წელს გადასულ პარლამენტში შეეცდება რაიმე საკადრო გადანაცვლებების ინიცირებას.

თავისთავად, მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ ანგარიშვალდებულია მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარის მიმართ. ელემეტარული ჭეშმარიტებაა ის, რასაც ბრძანებს ბატონი გიორგი. ნამდვილად სირცხვილია, რასაც ქმედებს ჩვენი პარლამენტის სტალინისტების ფრთა, მაგრამ უსათუოდ დასაფიქრებელია ქალბატონი თინას ფრაზა, როდესაც იგი საუბრობს პოლიტიკური ვექტორის შეცვლის შესაძლებლობაზე.

რამდენად სწორია საკითხის ასე დაყენება? ჩვენ გვახსოვს, რომ ასეთი პოზიცია ჰქოდა სააკაშვილს, მათ შორის ირაკლი ალასანიას, ახლა იგივეს ამბობენ რესპუბლიკელები.

– თუ გავიხსენებთ, რომ 2 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილს არც ერთ ინტერვიუში და განცხადებაში არ წამოცდენია სიტყვა ნატო, ცხადია, კოალიციაში, რომელიც შექმნა მისმა მამამარჩენალმა, სწორედ, რომ რესპუბლიკელები და „თავისუფალი დემოკრატები“ იყვნენ სიმშვიდის მომგვრელნი ცივილიზებული დასავლეთისთვის. თუმცა, დამოკიდებულება, ამ ორი პოლიტიკური პარტიის მიმართ და მათი საჯარო მიჭირხვნის მცდელობა, თანამიმდევრობით სახეზეა.

თუ ორიოდე თვის წინ მომავალ პარლამენტში სავარძლის კვლავ მოსაპოვებლად საკმარისი იყო პრეზიდენტის ლანძღვა-გინება, ჩვენ ვაკვირდებით, რომ მეოცნებეებს ახლა იგივე აუცილებლობა დაუდგათ თავდაცვის მინისტრის მიმართაც. ჩემთვის გასაგებია, რომ ირმა ინაშვილს შეიძლება ჰქონდეს ბუნებრივი მიუღებლობა იმ შედეგის მიმართ, რაც დადგა საგარეჯოში, მაგრამ სამი თვის მერე, ამ თემაზე ალაპარაკებული პარლამენტარები, რასაკვირველია, საზოგადოებაში აღიქმებიან, როგორც კერძო პირის მიერ დაქირავებულები.

„საქართველოს მომავლისთვის მიუღებელია საბჭოთა კავშირის წიაღიდან წამოსული სტალინისტური სენტენციები, რადიკალიზმი და მარგინალური ფსევდოტრადიციები. „ქართული ოცნება“, ის პოლიტიკური ძალაა, რომლეიც ევროვნულ თვითმყოფადობაზეა დაფუძნებული“, – ამ განცხადებიდან ჩანს, რომ პრემიერმა პრაქტიკულად დაუწუნა თინა ხიდაშელს ის განცხადება, რომელიც მან თოფაძის მიმართ გააკეთა. გამოდის, რომ პრემიერი თოფაძის პოზიციასაც ემიჯნება?

– რასაკვირველია, ეს გახლავთ სილის გაწნა სტალინისტი მეოცნებეებისთვის. ეს განცხადება საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ იმ პარლამენტარმა მაინც, რომელსაც არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული საპარლამენტო სივრციდან საკუთარი გასვლის შესახებ, მიიღოს გადაწყვეტილება და დაბრუნდეს იმ სივრცეში, სადაც იგი წარმატებულია და განერიდოს წარუმატებელი პოლიტიკოსის სახელს.

ამ ვითარებიდან გამოდინარე, პოლიტიკურად რამდენად გამართლებული იქნება რესპუბლიკელების კოალიციაში დარჩენა?

– სრულიად პრაგმატულია კოალიციაში დარჩენის მიზეზები. პოლიტიკა ის დარგია, სადაც მასში ჩაფლული ადამიანი ვერასოდეს ინატრებს მუდმივ კმაყოფილებას. მუდმივი კმაყოფილება არის ისეთ დაწესებულებებში, რომელიც ბოლოს და ბოლოს დაგვინგრიეს თბილისში და პრაქტიკულად ცალკე არსებული ფსიქიატრიული საავადმყოფო აღარ არსებობს. ამიტომ პოლიტიკოსის გამოცდილება განისაზღვრება მისი უნარით არასასურველ ვითარებაში თავდაჭერის და პერსპექტივაში ფიქრის უნარით. სწორედ პერსპექტივის შემხედვარე ხსნის „რესპუბლიკური პარტია“, რომ მას რეალური სასიკეთო ქმედება სამშობლოს მიმართ ჯერ არ დაუსრულებია.

მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო რესპუბლიკელებსაც და მეწარმეებსაც, რომ 21-ე საუკუნის ქართველებზე უფრო ბრძენი ხალხი, წინა საუკუნეებშიც არსებობდა და კვალს ტოვებდა ისტორიაში. მე-18 საუკუნის ირლანდიელმა მოაზროვნემ დაგვიტოვა წიგნი სათაურით „მსოფლიოს მოქალაქე“, სადაც აღნიშნულია, რომ „საუკეთესო გზა კამათში გასამარჯვებლად, გახლავთ კამათისთვის თავის არიდება“. ჩემი მხრივ კი, დავუმატებდი – მით უმეტეს – საჯარო სივრცეში და საკითხში ცუდად გარკვეული აუდიტორიის წინაშე.

პრემიერის მუქარანარევი განცხადების შემდეგ ელოდებით, რომ თანამდებობა დატოვოს თინა ხიდაშელმა?

– არ მგონია რაიმე სასიკეთო იყოს იმაში, რომ თავად ქალბატონი თინა გადაწყვეტს გადადგომას. ვურჩევდი, რომ მისი ყურადღება მიმართული იყოს იმ ჯარისკაცების მიმართ, რომელთათვისაც ის იბრძვის. ნამდვილად ეტყობა პროგრესი ჩვენს ჯარს, მაგრამ პოლიტიკური აქტივობა საკუთარი პარტიის სახელით და თავდაცვის მინისტრობა, არც თუ მარტივად თავსებადი თემებია. ვიდრე იგი მთავრობის წევრია, რასაკვირველია, ხელმისაწვდომი უნდა იყოს პარტიის ლიდერებისთვის აზრთა გასაზიარებლად, მაგრამ საჯარო სივრცეში რესპუბლიკური პარტიის წევრი ხიდაშელი, უნდა იყოს რაიმე გამონაკლისი შემთხვევა.

ასევე, პრემიერ-მინისტრის განცხადებას ნუ განვიხილავთ მხოლოდ თავდაცვის მინისტრის საყურადღებოდ გაკეთებულს. პრემიერმა თავდაცვის მინისტრს საკუთარი პოზიცია საჯაროდ გააცნო ერთ საკითხზე, ხოლო როგორც პოლიტიკური კოალიციის თავკაცმა, იმ პოლიტიკოსებს მიმართა და მათი მიუღებლობა დააფიქსირა სამომავლოდ, რომელთაც სტალინისა და პუტინის მიმართ შეიძლება განსაკუთრებული ხოტბის შესხმის სურვილი ჰქონდეს.

ვიზიარებ მთავრობის თავმჯდომარის განცხადების, თუმცა მის ადგილას ვეცდებოდი, რომ ყოველივე ეს ინდივიდუალურ რეჟიმში ყოფილიყო გაჟღერებული დაპირისპირებული მხარეებთან. მინდა ვიფიქრო, რომ ამ განცხადების ინიცირება არ იყო რაიმე ზეწოლის შედეგი ჩვენს პრემიერ-მინისტრზე.

ვისი მხრიდან ბატონო სოსო?

– ჩემი და თქვენი ნამდვილად არა.

ბიძინა ივანიშვილის გულისხმობთ?

– ვგულისხმობ და მიზეზსაც გეუბნებით, რომ ძალიან დიდი ხანია მისგან არ გამიგია სიტყვა ევროკავშირი და ნატო. იგი აღშფოთებული იყო მხოლოდ იმ ფაქტით, რომ ალასანიას გუნდს ეჭვი შეეპარა სახელმწიფო განვითარების ვექტორის შეცვლაში. წელიწადნახევარი გავიდა ამ ამბების მერე და საინტერესოა, რამე ხომ არ შეიცვალა ბატონი ბიძინას ცნობიერებაში? ან იმას რატომ გვიმალავს, რა იყო, მისი ფავორიტი, პრემიერ ღარიბაშვილის თანამდებობიდან მყისიერი გაქრობის ნამდვილი მიზეზი?

თინა ხიდაშელის განცხადებით, მას კანონი არ დაურღვევია, თუმცა ეს ჩაითვალა შეცდომად, რადგან საქმე ეხებოდა ჯარს…

– გეთანხმებით, მაგრამ დიდი განსხვავებაა შეცდომასა და დანაშაულს შორის.

ამ საქმეზე პროკურატურის რეაგირებაც ნიშნავს თუ არა იმას, რომ პროკურატურა ჩაერთო პოლიტიკურ პროცესში?

– ეს ყველაფერი ვნებს ქართულ სახელმწიფოს. ჩემთვის სანდოდ დარჩა ვერსია, რომ ბატონი შოთაძე ამ თანამდებობაზე აღმოჩნდა არა იმიტომ, რომ ვინმე შოთა რუსთაველს პატივს სცემს – შოთაძე რუსთაველის ხათრით არ დანიშნულა თანამდებობაზე…

წყარო: for.ge
თამთა ქარჩავა

Comments
Loading...