“პოლიტიკური მორალის ზღვარს თუნდაც მარგინალმა პარტიამ არ უნდა გადააბიჯოს”


„არსებობს პოლიტიკური მორალის რაღაც ზღვარი, რომელსაც თუნდაც ყველაზე მარგინალმა, ბანკროტმა პოლიტიკოსმა თუ პარტიამ არ უნდა გადააბიჯოს“, – აღნიშნულის შესახებ, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ გაზპრომის თემის კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, გაზპრომთან ხელშეკრულება 2003 წლიდან არსებობს, და მას შემდეგ ტექნიკურ დეტალებზე შეხვედრა ყოველ წელს იმართება.

„ გასაგებია, მოდის არჩევნების წელი და მავანი ყველაფერზეა წამსვლელი, რათა თავი შეახსენოს მოსახლეობას. დღეს რატომღაც ექსპერტების ნაწილი არ იხსენებს გაზპრომთან და მილსადენთან დაკავშირებულ ძალიან საინტერესო მოვლენებს.

მე შეგახსენებთ 2005 წელს სააკაშვილის ხელისუფლება მართავდა აქტიურ მოლაპარკებებს გაზპრომთან ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით და რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა , ჩვენი მეგობარი ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები, მე დარწმუნებული ვარ რომ მილსადენი იქნებოდა გაყიდული.

მაშინ აშშ-ს მთავრობამ გარკვეული თანხები გამოყო ამ მილსადენის სარეაბილიტაციოდ და ხელშეკრულებაში კონკრეტულად იქნა ჩაწერილი , რომ საქართველოს მთავრობას ეკრძალება ამ მილსადენის გასხვისება. მაშინ, სააკაშვილს და მის გარემოცვას რომ თავისი ჩანაფიქრი განეხორციელებინათ, დღეს ჩვენ პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტის გარეშე ვიდგებოდით რუსეთის წინაშე და რეგიონში აუთსაიდერის როლით დავკმაყოფილდებოდით.

ბოლო წლებში კი არა უკვე ბოლო თვეების დინამიკაში იცვლება რეგიონში მოვლენები, საქართველოს დომინანტი როლი, მომგებიანი გეოპოლიტიკური განლაგება და სამომავლო პერსპექტივები ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელია.

ჩვენ ყველამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმისკენ , რომ ადამიანებს ჰქონდეთ განცდა – ისინი ცხოვრობენ პერსპექტიულ, განვითარების გზაზე მყოფ ქვეყანაში, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობებში და პოლიტიკის წარმოებაში თავისი არცთუ უმნიშვნელო და ზოგ საკითხებში საკვანძო ადგილი აქვს.

საქართველოს აქვს წონა და დანიშნულება მტრისთვისაც და მოყვარისთვისაც. და ამას გონივრულად უნდა მივუდგეთ. ამჯერად მაინც უნდა უარი ვთქვათ პოპულიზმზე, პარტიულ და პირად ანგარებაზე და შევხედოთ ქვეყნის მომავალს. ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა და მისი ინტერესების დაცვა არის ჩვენი ხელისუფლების ვალდებულება, მიზანიც და მოტივაციაც, რათა დაცული იყოს საქართველოს თითოეული მოქალაქე, უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა მინისტრმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.