პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები ალეკო ელისაშვილს მიმართავენ

“საქართველოს პარლამენტის დადგენილებისა და შემდგომში მიღებული ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლების შემდეგ, თითქმის 3 წელია, პერიოდულად აქტიურდება ჩვენთვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მონიჭების თემასთან დაკავშირებული დისკუსია. ამ თემის გარშემო ეჭვების დათესვა და მისი აქტუალიზაცია დაკავშირებული იყო “ნაციონალური მოძრაობის” სასიცოცხლო ინტერესებთან, რადგან ამდენი პოლიტიკური პატიმრის არსებობის დადასტურება მთლიანად ასამარებდა “დემოკრატიის შუქურის” არსებობის იმ ილუზიას, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა სხვადასხვა მაქინაციებით მოიპოვა მსოფლიო საზოგადოების გარკვეულ წრეებში.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამ ხნის მანძილზე სრულიად არაადეკვატურად იქცეოდა პოლიტპატიმრებთან მიმართებაში, რადგან ჩვენი არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, ვერ მივაღწიეთ ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც შექმნიდა პირობებს ჩვენი სრული რეაბილიტაციისთვის. ამის ნაცვლად ხელისუფლებამ აირჩია “ნაცმოძრაობასთან” კოჰაბიტაციის გზა, რამაც ის შედეგი მოიტანა, რომ დამნაშავე რეჟიმის ინიციატივით ჩვენს მიმართ დისკრედიტაციისა და ტალახის სროლის ახალი კამპანია გაიშალა.

აღნიშნულის გამო, მიუხედავად პოლიტპატიმრის სტატუსისა, ჩვენ დღესაც ვითვლებით მსჯავრდებულებად. დამნაშავე რეჟიმი კი ყველანაირად უწყობს ხელს საზოგადოებაში ნეიტრალური იმიჯის მქონე პირების მხრიდან ჩვენს საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართვას. უაპელაციოდ ისმის ბრალდებები, რომ ჩვენთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მომნიჭებელი პირები თურმე ანგარებით მოქმედებდნენ, თორემ ჩვენს საქმეებში არ იყო პოლიტიკური მოტივები, ანუ ჩვენ ვიყიდეთ ეს სტატუსები. მათ შორის ბატონმა ალეკო ელისაშვილმა არაერთხელ გამოთქვა ასეთი ბრალდებები, თუმცა, მოგვიანებით დააზუსტა, რომ ჩვენს შორის არა ყველას, არამედ მხოლოდ ზოგიერთს გულისხმობდა.
15 იანვარს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გაიმართება საკომიტეტო მოსმენა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და ალეკო ელისაშვილს ვთხოვთ, აღნიშნულ მოსმენაზე მივიდეს.

ალეკო ელისაშვილს, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრებთან ერთად, ახლად აგორებული კამპანიის ინიციატორს, ვთხოვთ მობრძანდეს აღნიშნულ საკომიტეტო მოსმენაზე და ჩვენთან ერთად განიხილოს მისი ბრალდებების საფუძვლიანობა, იქვე დაასახელოს კონკრეტული ბრალდებულები – ისიც, ვისაც ასეთი ანგარება ამოძრავებდა და ისიც, ვინც თურმე “შეიძინა” ეს სტატუსი. რაც მთავარია, დაასახელოს კონკრეტული ფაქტები და არა ჭორები, ეჭვები და ვარაუდები, რათა არ შეურაცხყოს წესიერი ადამიანები. მით უმეტეს, რომ მისივე განცხადებით, იგი არ ენდობა პროკურატურას და სურს პარლამენტის მიერ ამ საკითხის შესწავლა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელ აწერენ ლევან ჩაჩუა, თორნიკე მოლაშვილი, ზაალ ჟვანია, რამაზი ღვალაძე, ზაზა გვიმრაძე, რატი მაისურაძე, ჯემალ გუნდიშვილი, ოლეგ კეშელავა, შოთა იამანიძე, ნანა თხელიძე და სხვები.

Comments
Loading...