პრემიერ-მინისტრი Microsoft–ის გენერალურ მენეჯერს შეხვდა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და Microsoft–ის გენერალურმა მენეჯერმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მაიკლ კოგელერმა, შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მხარეებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და Microsoft–ს შორის გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, Microsoft–ი 2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში, საქართველოს 32 სკოლაში Wi-Fi ტექნოლოგიას უფასოდ დანერგავს.

ხელშეკრულება, ასევე მოიცავს Office 365 ქლაუდ სერვისს, რაც Wi-Fi-ის ქსელთან ერთად, მოსწავლეებს და მასწავლებლებს დაეხმარება თანამშრომლობითი სასწავლო პრაქტიკის დანერგვაში.

ასევე, შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოს სკოლებში Microsoft–ის სათამაშო-საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს, მარტივი პროგრამირების სწავლების სისტემის ჩამოყალიბებას, ელექტრონული სწავლებისა და ინფორმაციის გაცვლის ერთიანი სივრცის შექმნასა და ელექტრონული სახელმძღვანელოების შემუშავების ხელშეწყობას.

ამასთან, ხაზი გაესვა თანამშრომლობას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და “მაიქროსოფთ საქართველოს” შორის. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობას გააჩნია სალიცენზიო შეთანხმება, რომლის მიხედვით სახელმწიფო დაწესებულებები Microsoft–ის ლიცენზირებულ პროდუქციას იყენებენ.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა კომპანია Microsoft–ს განათლებისა და ინოვაციების სფეროს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრნენ.

Comments
Loading...