პრემიერ-მინისტრი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონს ეწვევა

პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 20–21 თებერვალს, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონს ესტუმრება.

როგორც „ინფო 9“-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მთავრობის მეთაური ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრს დაათვალიერებს.

15 მილიონ ლარად ღირებული პროექტი საპარტნიორო ფონდმა განახორციელა. ცენტრი გაზაფხულზე სრულად ამოქმედდება, სადაც 1000–მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.
პრემიერ–მინისტრი რუხის საზოგადოებრივ ცენტრს ეწვევა. დღეს უკვე 31 სოფლის მაცხოვრებლებს აქვთ საშუალება, ისარგებლონ საზოგადოებრივი ცენტრის მაღალი დონის მომსახურებით.

პრემიერი ასევე, დაათვალიერებს რუხის მრავალპროფილიან საავადმყოფოს მშენებლობას, რომელიც 2017 წელს უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 41 264 000 ლარია.

გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრება ზუგდიდის სტადიონის მშენებლობისთვის საფუძვლის ჩაყრას, რომელიც 7 233 მაყურებელზეა გათვლილი.

პრემიერ–მინისტრი შეხვდება შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების სტუდენტებს და მათ განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვის პრიორიტეტებს გააცნობს.

გიორგი კვირიკაშვილი კურორტ „თეთნულს“ ეწვევა, სადაც თეთნულდის საბაგიროს გაშვებას დაესწრება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მშენებლობის პირველი ფაზა დაასრულა, კურორტი ოფიციალურად გახსნილია და მართვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა.

Comments
Loading...