პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოში მიიწვია.

როგორც “პირWელს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს მთავრობის მეთაურს სურს, ევროკომისიის პრეზიდენტი პირადად დარწმუნდეს იმ პროგრესში, რომელსაც საქართველომ ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების მიმართულებით მიაღწია.

ევროკომისიაში გამართული შეხვედრის მთავარი თემები ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროული დასრულება და ასოცირების დღის წესრიგის ახალი პრიორიტეტები იყო, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების კონკრეტული გზამკვლევი იქნება.

გიორგი კვირიკაშვილმა და ჟან-კლოდ იუნკერმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებაზეც ისაუბრეს. პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები გაიზარდა.

გიორგი კვირიკაშვილმა ჟან-კლოდ იუნკერს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში მისი პირადი თანადგომის იმედი გამოთქვა.

Comments
Loading...