პრემიერი: ეს ის ქვეყანაა, სადაც მე-12 საუკუნეში თქვეს, რომ ქალი და კაცი თანასწორია

“თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, რომლის ყველაზე დიდმა მოაზროვნემ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში თქვა, რომ ქალი და კაცი თანასწორია”,-ამის შესახებ პრემიერმინისტრმა საერთაშორისო კონფერენციაზე “გენდერული თანასწორობისკენ-გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ამიტომაც არის ჩემთვის ძალიან მტკივნეული ქალების მიმართ ის დისკრიმინაცია და ის ძალადობა, რომლებსაც თითქმის ყოველდღიურად ვაწყდებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. და არ არსებობს გარემოება, რომლითაც შეიძლება ამის გამართლება.

სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველანი, კაცებიც და ქალებიც, თანასწორობის მხარეს უნდა ვიდგეთ, რათა ყველა ადამიანსდედამიწაზე მიეცეს თანაბარი და თავისუფალი განვითარებისშესაძლებლობა.

ნამდვილად ძნელად წარმოსადგენია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც გაეროს მხოლოდ წლევანდელიმონაცემებით 39 მილიონ გოგონას არ მიეცა სასკოლო განათლების საშუალება, 774 მილიონი ზრდასრული ქალის ორ მესამედს ასევე არ მიეცა განათლების საშუალება.

მოდით, დავფიქრდეთ, რამ გამოიწვია ის, რომ მსოფლიოში ღარიბი მოსახლეობის 70 პროცენტი ქალია. როგორ უნდა ვიცხოვროთ ისეთ სამყაროში, სადაც ყოველი სამი ქალიდან ერთი განიცდის ძალადობას გენდერული ნიშნით და ძალიან ცოტაა ისეთი ქალი, რომელსაც შესწევს უნარი იბრძოლოს და შეცვალოს არსებული რეალობა.

პეკინის მოქმედებათა პლატფორმის 20 წლის მიმოხილვის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი ძალიან ნელია,წინსვლა არის და პრობლემა ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მაინც თანდათანობით მცირდება. დარწმუნებული ვარ, რომ გენდერული თანასწორობისა და ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვით, აგრეთვე გაზრდილი ინფორმირებულობისა და აქტიური მხარდაჭერის წყალობით,პროგრესი უფრო საგრძნობი გახდება.

მისასალმებელია, რომ თითოეულმა ქვეყანამ იკისრა ვალდებულება, შეასრულოს პეკინის მოქმედებათა პლატფორმის მოთხოვნები. გარდა ამისა, გაეროს წევრმა ქვეყნებმა მიზნად დაისახეს 2030 წლისთვის მიაღწიონ პრინციპს – „პლანეტა 50/50-ზე“.

მე ვთვლი, რომ ეს ძალიან ამბიციური მიზანია, მაგრამ მჯერა, ამის მიღწევა სავსებით შესაძლებელია. მინდა გითხრათ, რომ პირადად მე და ჩემი მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში ამ მიზანს მივაღწიოთ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ბოლო წლებში ჩვენ არსებითი პროგრესი გვაქვს – შარშან მივიღეთ ადამიანის უფლებათა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, აგრეთვე მივიღეთ ანტიდისკიმინაციული კანონი; ჩვენ ხელი მოვაწერეთ ,,ქალთაწინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა დაპრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციას;

გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეს ძალისხმევა აისახება მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში.

ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პარტნიორობასევროპის კავშირთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან, რომლებიც ევროპულ სამეზობლო პოლიტიკას ატარებენ. ეს პარტნიორობა ემყარება საერთო ღირებულებებს და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის არსებით ინსტრუმენტებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხალხის უდიდესი მხარდაჭერა ევროკავშირთან ინტეგრაციის საქმეში.

მიგვაჩნია, რომ დიდ ევროპულ ოჯახთან თანამშრომლობა ეს არის საუკეთესო გზა როგორც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციისა და ადამიანის უფლებათა რეალიზაციისკენ, ისე რეგიონალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ, და ამ გზას ალტერნატივა არ გააჩნია. დარწმუნებული ვარ, კონფერენცია წარმატებით იმუშავებს, ერთმანეთს გავუზიარებთ გამოცდილებას, გამოითქმება ახალი, საინტერესო წინადადებები და შეთავაზებები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებში ქალთა და გოგონათა მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათი პოზიციების გამყარებას და უფლებების დაცვას”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.