პრემიერი იმედოვნებს, რომ საქართველო “ევროპული ენერგეტიკული გაერთიანების” წევრი გახდება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველომ დაიწყო მოლაპარაკებები ევროკომისიასთან “ენერგეტიკულ გაერთიანებაში” გაწევრიანების მიზნით და ეს პროცესი საკმაოდ კონსტრუქციულად მიმდინარეობს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სასიხარულოა, ის ფაქტი, რომ ევროკავშირისთვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის პროცესში საქართველო ერთ-ერთი რგოლია, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად.

“ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ევროკავშირისთვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის პროცესში საქართველო ერთ-ერთი რგოლია, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ “აშხაბადის დეკლარაციას”, მივესალმებით ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობას და ვმონაწილებთ ევროკავშირის ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც ამ პროექტის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.

ასევე მიგვაჩნია, რომ რეგიონალური და ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი სატრანზიტო პროექტების განხორციელება, როგორიცაა “ევრო-აზიის ნავთობის სატრანსპორტო დერეფანი” (EAOTC), გათხევადებული გაზის მიწოდების აზერბაიჯან-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორი (AGRI LNG) და “თეთრი ნაკადი”.

მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული “ასოცირების შესახებ შეთანხმების” განხორციელება, რომელიც ეკონომიკის სხვა სფეროებთან ერთად გულისხმობს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებას ენერგეტიკის სფეროშიც. დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ ჩვენ შევძლებთ ევროკავშირის ერთიან ენერგეტიკულ სივრცეში ინტეგრაციას. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველომ დაიწყო მოლაპარაკებები ევროკომისიის მხარესთან “ენერგეტიკულ გაერთიანებაში” გაწევრიანების მიზნით და ეს პროცესი საკმაოდ კონსტრუქციულად მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ სულ მალე საქართველო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

დაბოლოს, მინდა შევეხო კლიმატის ცვლილებების პრობლემის გადაჭრას – ქვეყნის სუფთა ენერგიით უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისება. საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით. ჩვენ გვაქვს ქარის, მზის, ბიომასისა და გეოთერმული წყლების ენერგიის პოტენციალიც, რაც საშუალებას იძლევა, შეიქმნას დამატებითი სიმძლავრეები ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების საშუალებით. ამიტომაც ჩვენ ვმუშაობთ საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებისთვის, რაც გულისხმობს სტაბილური, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული სამართლებრივი ბაზის შექმნას.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ კონფერენციაზე გაიმართება საინტერესო დისკუსიები, რომლებიც სასარგებლო იქნება ყველასთვის, გამოიკვეთება ახალი შესაძლებლობები, დაისახება გეგმები და ხელს შეუწყობს ჩვენი მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებას”, – განაცხადა პრემიერმა.

pia.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.