პრემიერი ლარის გაუფასურებას დადებით ეკონომიკრ პროცესებს უკავშირებს

ლარის კურსის ვარდნას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ქვეყანაში იმპორტისა და მოხმარების გაზრდით ხსნის. კვირიკაშვილი აღნიშნულს დადებით ეკონომიკურ პროცესად აფასებს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, იმპორტის კორექტირება უკვე დაწყებულია, აქედან გამომდინარე იმედოვნებს, რომ მომდევნო თვეებში ლარის კურსი აუცილებლად გამყარდება.

“ქვეყანაში მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ექსპორტი რაოდენობრივად გაზრდილია, თუმცა, თანხობრივ მაჩვენებლებში, ვინაიდან საექსპორტო, ძირითად ბაზრებზე ფასები არის ძალიან დაცემული, ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს და ამის გამო არის სწორედ ის, რაც ხდება. უკვე დაწყებულია იმპორტის კორექტირება და აუცილებლად მოხდება კურსის დასტაბილურება. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი თვეების განმავლობაში ლარი აუცილებლად უნდა გამყარდეს, ყველა ლოგიკით, რომელიც ჩვენ გვაქვს. ასევე გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება გარკვეული რეგულაციების კუთხით იმისთვის, რომ ჩვენ დავეხმაროთ ლარის გამყარებას და დასტაბილურებას”, -განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, კონკრეტულ რეგულაციებთან დაკავშირებით, ახალ ნაბიჯებს ეროვნულ ბანკთან ერთად გაახმოვანებენ.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 12 ოქტომბრიდან 2.4899 ნიშნულზე დააფიქსირა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

საქსტატის 2016 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9104 000 000 აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 1512 000 000 აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი 7592 000 000 აშშ დოლარია. შესაბამისად, საგარეო სავაჭრო ბრუნვის უარყოფითი სალდო 6080 000 000 აშშ დოლარია.

Comments
Loading...