პრემიერი: მოუთმენლად ველით ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროული დასრულება დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია.

ამის შესახებ კვირიკაშვილმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან და მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან ერთობლივად გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.

მისი თქმით, საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ტექნიკური მოთხოვნა.

„საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ტექნიკური მოთხოვნა და ჩვენ მოუთმენლად ველით ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამასთან, პრემიერის თქმით, შეხვედრაზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების გზით, საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების გზები განიხილეს.

„ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან და უცხოური ინვესტიციების ნაკადი გაიზარდა. ვიმედოვნებთ, ეს ტენდენცია გაგრძელდება – ჩვენ მზად ვართ, სრულად გამოვიყენოთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალი. ეკონომიკური მოდერნიზაციისა და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობა, როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტისა, არის ჩვენი მთავრობის პრიორიტეტიც და ამ მიმართულებით რეფორმების გაგრძელება ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება არჩევნების უმაღლესი სტანდარტებით ჩატარებას, პოლიტიკური ძალების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას, მედიის თავისუფლებას და კანონის უზენაესობას უზრუნველყოფს.

ამასთან, პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირთან დიალოგი გაგრძელდება, რათა ევროპის განახლებული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ახალი სფეროები დადგინდეს, რაც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარებას შეუწყობს ხელს.

Comments
Loading...