პრემიერი: ოპონენტებმა საკუთარი ტელევიზიები აიყოლიეს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ოპონენტებმა საკუთარი, პარტნიორი ტელევიზიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აიყოლიეს და სურვილი აქვთ, ხელისუფლება მუდმივად თავის მართლების რეჟიმში იყოს.

ამის შესახებ პრემიერმა უკრაინაში დაკავებული ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენს ოპონენტებს აქვთ სურვილი, მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ვიმყოფებოდეთ. მათ საკუთარი ტელევიზია აიყოლიეს, მათი პარტნიორი ტელევიზიები, არასამთავრობო სექტორის ნაწილი და უნდათ, ამოგვაგდონ მთავარი დღის წესრიგიდან და მუდმივად ვიმყოფებოდეთ თავის მართლებაში, რომ ჩვენ არ ვართ ქვეყნის დამაქცევარნი. ეს ხდება იმ პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ათწლეულობით პერიოდის განმავლობაში დაზიანებაში, რომელმაც ქვეყანა წამოაგო უმძიმეს პროვოკაციას – რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებას მწვანე შუქი აუნთო.

უფრო მეტიც, ისინი ჩვენ ბრალს გვდებენ სამხედროების უპატივცემულობაში, როდესაც 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს, ჩახოცეს ციხეში, გვამებიც კი არ გამოასვენეს კონფლიქტის ზონიდან; უმძიმესი პროვოკაცია მოაწყვეს კოდორის ხეობაში და იქ მყოფი გმირი ადამიანები ჩახოცეს; კრიალაშვილი, რომელიც უკვე გვამი იყო, სკამზე მიაბეს და შემდეგ კიდევ ერთხელ დახვრიტეს. ეს ადამიანები დღეს ჩვენ გვდებენ ბრალს სამხედროების უპატივცემულობაში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ კარგად დაუკვირდნენ, ვინ ვინ არის და ქვეყნისთვის ვინ რას აკეთებს.

„მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, კარგად დაფიქრდნენ იმ ადამიანების შიგთავსსა და წარსულზე, რომლებმაც დღეს ჩვენ ქვეყნის სიყვარულის ნაკლებობასა და ლამის მოღალატეობაში დაგვდეს ბრალი; კარგად დაუკვირდნენ, ვინ ვინ არის, ვინ რას აკეთებს ამ ქვეყნისთვის და ვის სურს ამ ქვეყნისთვის მართლა კარგი. ამ ყველაფრის მიუხედავად,

მინდა ვთქვა, რომ ისინი ჩვენს დღის წესრიგს ვერ შეცვლიან. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ თანმიმდევრულად იმ გზაზე სიარულს, რასაც ჩვენი ქვეყნის ამ უბედურებიდან ერთხელ და სამუდამოდ გამოყვანა და სწორი განვითარების გზაზე დაყენება ჰქვია. ეს არის ჩვენი შეუცვლელი დღის წესრიგი და ამაში დღეს ჩვენი ქვეყანა გვერდით გვიდგას, მიუხედავად იმისა, ვინ დომინირებს მედიასივრცეში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ, ქვეყნის სიყვარულში, ეს უღირსი ადამიანები ნუ შეგვეჯიბრებიან”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...