პრემიერი – საქართველო ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო რომ გახდეს…

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო რომ გახდეს, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ის ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ საუბრისას, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, რომელთა ძირითად პრიორიტეტს, პრემიერის თქმით, სასამართლო სისტემის, მათ შორის, მთავარი პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა წარმოადგენს.

„ოთხეტაპიანი სასამართლო რეფორმის მიზანი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზება, გამჭვირვალობის გაზრდა, საზოგადოებისა და მედიისათვის სასამართლო სხდომების გასაჯაროების გზით და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შემოღება. რაც შეეხება რეზოლუციაში პროკურატურასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პრობლემატურ საკითხებს, მათ შორის ანგარიშვალდებულებისა და შერჩევითობის გაუმჯობესების მიზნით, უკვე განხორციელდა შესაბამისი ძალისხმევა.

2015 წლის შემოდგომაზე პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, ჩამოყალიბდა გენდერულად დაბალანსებული, 15-წევრიანი საპროკურორო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია კოლეგების მიერ არჩეული პროკურორებით და საკანონმდებლო, სასამართლო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებით. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტზე მუშაობისას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობდა ვენეციის კომისიასთან და კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე, კომისიის ექსპერტთა მიერ შემუშავებული 37 რეკომენდაციიდან 35 გაითვალისწინა.

ანალოგიურად, წინასწარი პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, გატარებული რეფორმის მიხედვით, წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივების შემთხვევებში, დაინერგა ხშირი, პერიოდული და ავტომატური სასამართლო განხილვები. ამასთანავე, 9 თვემდე შეიზღუდა წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა, რომლის გახანგრძლივება ახალი ბრალდების წაყენების შემთხვევაშიც შეუძლებელი გახდა.

რეფორმების წარმატებით განხორციელებისა და სამართლებრივი სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით, მოსამართლეებმა თავიანთი მოვალეობები ხელისუფლების ან ოპოზიციის ზეწოლის გარეშე უნდა განახორციელონ. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა, ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ზოგიერთი გადაწყვეტილება საზოგადოებისა და სამართალმცოდნეთათვის საკამათო გახდა. სპონტანური სახის საპროტესტო აქციები საკონსტიტუციო სასამართლოსა და რამდენიმე მოსამართლის საცხოვრებელი ადგილის წინ ჩატარდა. საქართველოს მთავრობამ შეძლო კანონის სათანადოდ აღსრულების, მოსამართლეთა უსაფრთხოების, ისევე როგორც მშვიდობიანი პროტესტის უფლების დაცვის უზრუნველყოფა“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილი ასევე საუბრობს მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმზე და აღნიშნავს, რომ ეს ღირებულებები, რომლებიც დემოკრატიის მთავარ საყრდენს წარმოადგენს, 2012 წლიდან დღემდე ხელისუფლების დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის პრიორიტეტია.

„ამჟამად, საქართველოში მედიასივრცე ისეთივე თავისუფალია, როგორც ბევრ სხვა შემდგარ დემოკრატიულ სახელმწიფოში. ჩვენ, საქართველოს ყველა მოქალაქე, ვსარგებლობთ პლურალისტური მედიაგარემოთი, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისა და პოლიტიკური ჩარევისგან. რაც შეეხება სატელევიზიო არხ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ დავას,რომელმაც წარმოშვა გარკვეული კითხვები ქართულ საზოგადოებაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ არ შელახულიყო კანონიერი საკუთრების უფლება, რომელიც დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია, და სასამართლო პროცესი ყოფილიყო დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევისგან.

იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამ პროცესში, მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტმა განაგრძოს საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებაში მიღწეული პროგრესის მონიტორინგი და კვლავაც დარჩეს ჩვენს მტკიცე მხარდამჭერად“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ევროპარლამენტმა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის შესახებ რეზოლუციის პროექტი გუშინ დაამტკიცა.

დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ეხება, მედიის თავისუფელებისა და „რუსთავი 2“–ის საქმეზეც არის საუბარი და ევროპარლამენტი ხაზს უსვამს მედიის გამოხატვის თავისუფლებას. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას სასამართლო და პროკურატურა პოლიტიკური დევნისთვის არ გამოიყენონ.

Leave A Reply

Your email address will not be published.