პრემიერი – წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მოწოდება, მინიმუმ ღიმილს მგვრის

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მოწოდება ღიმილისმომგვრელია.

ამის შესახებ კვირიკაშვილმა რადიო “თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

“რაც შეეხება წინადადებებს, რომლებიც ოპოზიციიდან მოდის, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე. უკვე ვაუქმებთ მოგების გადასახადს, მთავრობამ დაამტკიცა ეს და გადაგზავნილი გვაქვს პარლამენტში. ვმუშაობთ ასევე, საბიუჯეტო ცვლილებებზე. ასეთ რეფორმებს გადასვლის ღირებულება აქვთ და ამ გადასვლის ღირებულების დაფარვა საბიუჯეტო სახსრების შეკვეცით ხდება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროცესს ადმინისტრაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ახლავს თან.

„ფაქტიურად, სახტად არის ჩვენი ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი დარჩენილი, რადგან მოგვიწოდებდნენ, რომ სასწრაფოდ გაგვეკეთებინა რაღაცები და ჩვენ ვაკეთებთ, თუმცა ეს ალბათ კარგია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში, ადამიანების უმრავლესობა სწორედ ეკონომიკური დანაშაულის გამო გასამართლდა.

„ცხრაწლიან პერიოდს შეგნებულად არასოდეს ვახსენებ. საერთოდ გვარების ხსენებაც არ მინდა, მაგრამ როცა 300 ათასი ადამიანი გასამართლდა ქვეყანაში წინა მმართველობის პერიოდში და როცა ამ ადამიანების 80% და მეტი სწორედ ეკონომიკური დანაშაულის გამო გასამართლდა, ახლა კი, ამ ხელისუფლების წარმომადგენლები მოგვიწოდებენ, რომ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია მოვახდინოთ სასწრაფოდ, ეს მინიმუმ ღიმილს მგვრის ხოლმე, მაგრამ კარგია, რომ მოგვიწოდებენ და ჩვენ ამას ვაკეთებთ. საერთოდ დიალოგი კარგია”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

წყარო: “ინფო9”

Comments
Loading...