პრემიერი: ვცდილობთ, ალეპოში განსაცდელში მყოფ ბავშვებს რამენაირად, ჰუმანიტარული დახმარება მივაწვდინოთ

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ცდილობს, სირიის ქალაქ ალეპოში მცხოვრებ ბავშვებს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნოს.

ამის შესახებ მან მახათას მთაზე განაცხადა, სადაც ივერთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო.

„მახათას მთაზე შენდება ეს უმშვენიერესი ტაძარი და პირველად დაირეკა ზარი. ძალიან დიდი დღესასწაულია. წმინდა ბარბარე არის ბავშვების მფარველი და უპირველს ყოვლისა, მინდა საქართველოში ყველა ბავშვს ვუსურვო ის, რასაც ბავშვობა ჰქვია. ვუსურვო, რომ სითბოში გაზრდილიყვნენ და ჰქონდეთ ბედნიერი ბავშვობა. არ შემიძლია არ ვახსენო სიტუაცია სირიაში, ალეპოში. ჩვენ ვცდილობთ, გაერო-ს ოფისის მეშვეობით, რამენაირად, ჰუმანიტარული დახმარება მივაწვდინოთ იქ ძალიან დიდი განსაცდელში მყოფ ბავშვებს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მადლიანი საქმე იქნება და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს აუცილებლად გავაკეთოთ. გილოცავთ ყველას. მრავალს დაესწარით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სირიის ტერიტორიაზე რუსეთმა საჰაერო დაბომბვები ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების წინააღმდეგ, 2015 წლის 30 სექტემბერს დაიწყო, 16 აგვისტოს კი, ალეპოს დაბომბვა ირანის ბაზების გამოყენებით განაახლა.

ომს უამრავი მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის, ბავშვები ემსხვერპლა. რამდენიმე დღის წინ, აღმოსავლეთ ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, რომელიც მეორე დღეს, სირიის მთავრობამ შეაჩერა. ევაკუაციის პროცესი დღეს გაგრძელდება.

Comments
Loading...