პრემიერის პრესსამსახური ცერცვაძის საქმეზე: საქართველო თავის მოქალაქეებს არ გასცემს
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართული მხარე უკრაინულ მხარესთან ინტენსიურად მუშაობს, რათა უკრაინაში დაკავებული ვიცე-პოლკოვნიკის გიორგი ცერცვაძის რუსეთში ექსტრადირება არ მოხდეს.
როგორც „ინფო 9“-ს პრემიერის პრესსამსახურში განუცხადეს, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარ განცხადებებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ.
„ქართული მხარე ინტენსიურად მუშაობს უკრაინულ მხარესთან, რადგან არ მოხდეს გიორგი ცერცვაძის რუსეთში ექსტრადირება. ამის შესახებ გუშინ ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა და განცხადება გააკეთა პროკურატურამ – საქართველო თავის მოქალაქეებს არ გასცემს და ეს ჩვენს კანონმდებლობაში მკაფიოდ არის დაფიქსირებული.
პრემიერი, ბუნებრივია, სრულად იზიარებს ამ პოზიციას და მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკოსი, რომელი გუნდის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკუთარ განცხადებებს და შეეცადოს, მსგავსი საკითხები პოლიტიკური ინსინუაციების თემად არ აქციოს”, – განაცხადეს პრემიერის პრესსამსახურში.
აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე გია ცერცვაძე რუსეთის მოთხოვნით, ერთი კვირის წინ დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა 13 წლის შემდეგ, გასული წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.
უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელის მამუკა მამულაშვილის ინფორმაციით, გიორგი ცერცვაძეს ხუთშაბათს გაათავისუფლებენ მას შემდეგ, რაც უკრაინის პროკურორს ოფიციალური დოკუმენტი გადაეგზავნება და „ქართული ლეგიონი“ დაადასტურებს, რომ ცერცვაძე უკრაინის ომში, უკრაინის მხარეზე ნამდვილად იბრძოდა.