პრემიერმინისტრი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები და ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პირისპირ შეხვედრაზე.

მხარეებმა ისაუბრეს ენერგეტიკულ და ეკონომიკურ პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს.

ასევე, ყურადღება გამახვილდა ინვესტიციების მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უსურვა.

მრავალწლიანი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი, – ასე შეაფასეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაფართოებულ შეხვედრაზე.

“ჩვენ ცოტა ხნის წინ შევხვდით ბაქოში, ახლა ვხვდებით საქართველოში და ამით მოხარული ვარ. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ ორი ქვეყნის ურთერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ჩვენ ერთობლივად განვახორციელებთ იმ პროექტებს, რომლებიც დაწყებული გვაქვს“, – განაცხადა შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკურიურთიერთობების კუთხით აზერბაიჯანი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და წლების განმავლობაში, სტაბილურად, საქართველოს სავაჭრო პარტნიორების უმსხვილესსამეულში ფიგურირებს.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების დინამიკას და აღინიშნა, რომ 2012-2015 წლების მონაცემებით, აზერბაიჯანის მიერ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 3,7-ჯერ გაიზარდა.

შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა იმ პროექტებზეც ისაუბრეს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროში ერთობლივად ახორციელებენ; მათ შორის განსაკუთრებით აღინიშნა სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაფართოება, ბაქო-თბილისი-ყარსისპროექტი და „სოკარ ენერჯი ჯორჯია“, რომელიც საქართველოს ენერგორესურსების ბაზარზე წარმატებით ფუნქციონირებს.

ასევე, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

გაფართოებული შეხვედრის შემდეგ საუბარი არაფორმალურ გარემოში, მთავრობის ადმინისტრაციის ვერანდაზე გაგრძელდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თბილისის ხედები დაათვალიერეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.