პრეზიდენტი და პირველი ლედი სპექტაკლს “აბესალომ და ეთერი” დაესწრნენ

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში სპექტაკლს “აბესალომ და ეთერი” დაესწრნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სპექტაკლის დაწყებამდე ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიის ამსახველი ექსპოზიცია დაათვალიერა და თეატრში შეკრებილ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ოპერის თეატრის შენობის განახლებაში მიიღო მონაწილეობა.

“მინდა ქართულ საზოგადოებას მივულოცო დღევანდელი დღე; მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ახალი ქართული ოპერის მშვენიერი შენობის შექმნაში და მადლობა ვუთხრა ყველას ამ მშვენიერი პრემიერისთვის, რომლითაც ასე ვტკბებით დღეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

6-წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი სპექტაკლ “აბესალომ და ეთერით” გუშინ გაიხსნა.

“აბესალომ და ეთერის” წამყვან პარტიებს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლები – ლადო ათანელი, თამარ ივერი და თეიმურაზ გუგუშვილი ასრულებდნენ. სპექტაკლის ახალი დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია, მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი, დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი სპექტაკლს პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან და ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრო.

Comments
Loading...