პრეზიდენტი მიესალმება საზოგადოების რეაქციას „ცენტრისტების“ საარჩევნო კლიპის წინააღმდეგ

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით, პრეზიდენტი მიესალმება საზოგადოების რეაქციას „ცენტრისტების“ საარჩევნო კლიპის წინააღმდეგ.

როგორც კოჟორიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადა, როდესაც რომელიმე პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ დააკანონებს საქართველოში ოკუპანტის ჯარებს, ეს არის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედება.

“საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება იმ ერთიანობას და მიუღებლობას, რაც მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ, პოლიტიკურმა სპექტრმა და მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ დააფიქსირა ამ კლიპის წინააღმდეგ.

მთლიანად, ეს ამბავი და ქართული საზოგადოების პოზიცია მიანიშნებს, იმაზე, რომ ჩვენ სწორად გვაქვს გააზრებული ერთი მხრივ, სიტყვის თავისუფლების და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლების მნიშვნელობა და მეორე მხრივ, ის, რომ ეს არ არის შეუზღუდავი. განსაკუთრებულ შეთხვევაში, ის, შეიძლება, შეიზღუდოს.

ამ შემთხვევაში, საქმე ნამდვილად გვაქვს განსაკუთრებულ შემთხვევასთან, იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუციის პირველივე მუხლის პირველივე წინადადება ამბობს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო.

როდესაც რომელიმე პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ დააკანონებს საქართველოში ოკუპანტის ჯარებს, ეს არის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული მოქმედება და პოზიცია“, – განაცხადა კოჟორიძემ და დასძინა, რომ ასეთ დროს, საქართველოს პრეზიდენტი და თითოეული მოქალაქე იქნება ერთიანი ამ პოზიციაში.

ბედუკაძისა და ხაჩიშვილის ახლადდაფუძნებული პარტიის “ცენტრისტების” სარეკლამო რგოლში ნათქვამია, რომ რუსულ სამხედრო ბაზებს დააკანონებენ, ასევე ამომრჩეველს ორმაგ მოქალაქეობასა და რუსულ პენსიას – 400 ლარს სთავაზობენ. სარეკლამო რგოლი საზოგადოებრივ მაუწყებელზე უფასო პოლიტიკური რეკლამის ნაწილში გავიდა, თუმცა ტელეკომპანიამ მისი ეთერში გაშვება შეაჩერა

Comments
Loading...