პრეზიდენტი: მოსამართლეთა მოსაზრებების მოსმენა, უნდათ თუ არა მათ მეტი თავისუფლება, ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.

„ჩემი ბათუმში ჩამოსვლა არ ყოფილა არასდროს, რომ არ მოვსულიყავი ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტში. აქ არიან ის ადამიანები, რომლებიც განაპირობებენ ჩვენი საზოგადოების ცხოვრების წესს, მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა ამ ინსტიტუტის მიმართ და იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაღრმავების გზაზე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის როლზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან მოსამართლეებს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცულობის გარანტორი უწოდა.

„დღეს მიმდინარეობს ძალიან სერიოზული და საინტერესო პროცესი ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, მინდა მკვეთრად დავაფიქსირო ის, რომ ამ პროცესში პრეზიდენტის ჩართულობის ამოსავალი განპირობებული იქნება სწორედ თქვენ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებიდან, იმ შეხედულებებიდან, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ჩამოაყალიბა ამ კანონთან მიმართებაში.

ამ კანონის განხილვის პროცესში ვიყავი ჩართული თავიდანვე, პირველ ეტაპზევე, როდესაც საჭირო გახდა ვეტოს გამოყენება. მაშინ სხვა მოტივაციით იყო ვეტო, მაგრამ ახლა უკვე ამ კანონის განხილვის კონტექსტში, თქვენი გადაწყვეტილება არის ის, რითიც ვიხელმძღვანელებთ, როდესაც ვითანამშრომლებთ ამ კანონის დახვეწასა და განვითარებაზე.

კიდევ ერთი საინტერესო მაგალითია თქვენი დღევანდელი გადაწყვეტილება მოსამართლეთა სამწლიან ვადასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ პარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ დაძლეული ვეტოს ერთერთი საკითხი სწორედ იმას უკავშირდება, რაზეც თქვენ დღეს გადაწყვეტილება მიიღეთ – სწორედ სამწლიანი ვადის თემას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასე ვთანამშრომლობთ და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე თურმე, საერთო ხედვები გვაქვს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა დაძლეულ ვეტოზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვეტო ეხებოდა მოსამართლეთა უფლებას – საერთო სასამართლოებში უფრო დაცულები ყოფილიყვნენ, უფრო თავისუფალი და საერთო სასამართლოების სისტემაში მეტი დემოკრატია იყოს.

„ჩვენ, ხომ რეალურად ვსაუბრობდით იმის თაობაზე, რა წესით უნდა ფუნქციონირებდეს დაახლოებით, 300 ადამიანისგან შემდგარი მოსამართლეთა კორპუსი, რომლებიც გამოირჩევიან საკუთარი იურიდიული ცოდნით, კვალიფიკაციით და უნარით განსაჯონ ჩვენი ბედი. ამ თვალსაზრისით, მათი შეხედულება იმასთან დაკავშირებით, უნდათ თუ არა მათ მეტი თავისუფლება და მეტი დემოკრატია თავიანთ სისტემაში, ჩემთვის იქნებოდა ძალიან საინტერესო და ყურადსაღები.

სადაც იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება ჩემს მიერ სამსჯელო პოლიტიკურ პროცესებს, სწორედ თქვენი გადაწყვეტილებები იქნება ჩემთვის ამოსავალი და იქნება ჩემთვის განმსაზღვრელი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში.

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ფიცი პარლამენტის მიერ არჩეულმა მანანა კობახიძემ დადო. გიორგი მარგველაშვილმა ახლადარჩეულ მოსამართლეს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ უმასპინძლა.

Comments
Loading...