პრეზიდენტი: მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით შეშფოთებული ვარ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასთან დაკავშირეით, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით შეშფოთებულია.

ამის შესახებ პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება.

„შეშფოთებული ვარ მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც, იგეგმებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ პროკურატურასთან, ვაკვირდებით გამოძიების პროცესს, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ველოდებით გამოძიების დროულად დასრულებას, რომელიც გასცემს პასუხს კითხვებს, როგორც დაგეგმილი დანაშაულის შესაძლო მონაწილეების, ასევე შემკვეთების თაობაზე“, – ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. აღნიშნულ დანაშაულს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლი ითვალისწინებს.

გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. გუშინ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაკავებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

Comments
Loading...