პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვლენოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება.

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პირველი პლენარული სხდომა სწორედ პრეზიდენტის მიმართვით გაიხსნება. გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა 14:00 საათზეა დაგეგმილი. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის განმარტებით, მოხსენების შინაარსი შეეხება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, იქნება ეს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული თემატიკა.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნას ფრაქციების ხელმძღვანელები დაიკავებენ. ბიუროს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად თითოეულ ფრაქციას გამოსვლისთვის 15 წუთი მიეცემა. სულ პარლამენტში 12 ფრაქციაა დარეგისტრირებული.

ქუთაისში ჩასვლას და პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაზე დასწრებას გეგმავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ქუთაისში სავარაუდოდ ჩავლენ მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. პარლამენტის სხდომაზე დასწრების უფლების და სურვილის მქონე თანამდებობის პირებისთვის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს.

Comments
Loading...