პრეზიდენტი: როდესაც ხდება პოლიტიკოსების პროკურორობა და პროკურორების პოლიტიკოსობა, შეცდომები გარდაუვალია

საქართველოს პრტეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, მმართველ გუნდს აკრიტიკებს.

მისი განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე კომენტარების კეთებისას, როლებისა და ფუნქციების არევა ხდება.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„დღესაც ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთი ადამიანი, რომელსაც არანაირი კომპეტენცია არ გააჩნია ამ საქმეებზე სასაუბროდ, აკეთებს განცხადებებს და ეს განცხადებები ძაბავს საზოგადოებას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, „როდესაც ხდება პოლიტიკოსების პროკურორობა და პროკურორების პოლიტიკოსობა, შეცდომები გარდაუვალია“.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში მაღალჩინოსნების მხრიდან შეილახა უდანაშაულობის პრეზუმფცია.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქმის გამოძიებაში ორივე მხარე თანაბრად უნდა იყოს ჩართული.

„მის ადვოკატებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ნათლად ჩაგვაყენონ ყველა საქმის კურსში და ჩვენ არ ვიყოთ ფარულად გავრცელებული, ვიღაცისთვის ნაჩვენები რაღაცა ამბების მნახველების ინფორმაციაზე დაყრდნობილნი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, მედიასაშუალებებში, ე.წ. ციანიდის საქმეზე, ინფორმაციას ვისმენთ ისეთი პირებისგან, ვისაც ამ საკითხზე არც ზუსტი ინფორმაცია აქვთ და არ კომპეტენცია.

მისივე თქმით, ინფორმაცია ცალმხრივად შუქდება და ბრალდების მხარეს, საუბრის უფლება უნდა მიეცეს.

„როცა მთელი სახელმწიფო აპარატი მის ბრალმდებლად გამოდის, არ შეიძლება ის ადამიანი გააჩუმო, მას უნდა მისცე საშუალება, თუნდაც თავისი ვერსია გაგიზიაროს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

Comments
Loading...