პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში მე-19 საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს დანგრევის გამო, აღშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნულ ფაქტს შეგნებულად განხორციელებულ ვანდალიზმის აქტს უწოდებს.
როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ფაქტი საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა და ვანდალიზმია.
„უკიდურეს აღშფოთებას გამოვხატავთ, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში, სოფელ წებელდაში ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებასთან დაკავშირებით. ეს არის შეგნებულად განხორციელებული ვანდალიზმის აქტი, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის ჰააგის 1954 წლის კონვენციის პირობებს უხეშად არღვევს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებებზე რეაგირებას ითხოვს.
„მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, იუნესკოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, სათანადოდ შეფასონ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ქმედებები და მათზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ“, – აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.
აფხაზეთში, სოფელ წებელდაში სამხედრო პოლიგონის მოწყობის მიზნით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა მე-19 საუკუნის ეკლესია და პოლონელთა ისტორიული სასაფლაო დაანგრიეს.