პრეზიდენტის მიმართ უმრავლესობის ტონი შერბილებულია

ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დამკვიდრებულ მანკიერ ტრადიციას ახალი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი არღვევს და ის პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის რიგით მესამე გამოსვლას მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრება.

ქვეყნის პირველი პირი 3 თებერვლის პლენარულ სხდომას რეგლამენტის შესაბამისად პირველად ეწვევა და ამაში უცნაური არაფერია, რომ არა წარსულის გამოცდილება. თუკი 2014-2015 წლებში, საგაზაფხულო სესიის გახსნის მთავარი კითხვები იყო – როდის ეწვეოდა პრეზიდენტი პარლამენტს და სხდომას დაესწრებოდა თუ არა მთავრობა, ეს კითხვები პოლიტიკური დღის წესრიგიდან ახალმა პრემიერმა მოხსნა. სამი წლის მანძილზე, პირველად, ქუთაისში, გამჭვირვალე შენობის სხდომათა დარბაზში მინისტრებისთვის განკუთვნილი წითელი სავარძლები ცარიელი აღარ დარჩება.

მმართველობის მეოთხე წელს, თუ რატომ შეიცვალა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განწყობები პრეზიდენტთან დაკავშირებით, „წარსულის გაკვეთილები“ უკავშირდებოდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის პიროვნულ განწყობებს და უმრავლესობამ რატომ გადაწყვიტა პროცედურული დემოკრატიის დაცვა, ამ საკითხით for.ge დაინტერესდა.

როგორც for.ge-ს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება შეიცვალა და მან ამ ნაბიჯით პროცედურული დემოკრატიის ყველა მოთხოვნის დაცვა გაადვილა. მისი თქმით, მთავარი მიზეზი მაინც ახალი პრემიერის დამოკიდებულების შეცვლაა.

„წინა პრემიერი არც მალავდა, რომ სხდომაზე დასწრებას საჭიროდ არ მიიჩნევდა და ამიტომ, პრეზიდენტის გამოსვლას თვალყურს ტექნიკური საშუალებებით ადევნებდა. ახალი პრემიერი მეტი ჩართულობის პოლიტიკას დეკლარირებს, რაც ქმედებების განხორციელებას მოითხოვს. მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილმა თქვა, რომ ის უფრო მეტი ჩართულობის მომხრეა, ის თავისი პოზიციიდან გამომდინარე ვალდებული გახდა, პრეზიდენტის მოხსენება ტექნიკური საშუალებებით კი არა, უშუალო მონაწილეობით მოისმინოს“, – აცხადებს ქუცნაშვილი.

კანონმდებელს მინისტრების ძველ იმ განცხადებებს ვახსენებთ, სადაც ისინი აცხადებდნენ, რომ მათ იმ სხდომაზე დასწრების კონსტიტუციური ვალდებულება არ ჰქონდათ, სადაც მოხსენებით პრეზიდენტი გამოვიდოდა. დეპუტატი არ ფიქრობს, რომ ძველი განცხადებების გამო ვინმე თავს უხერხულად იგრძნობს.

„თავს უფრო სხვა რამის გამო გრძნობენ უხერხულად“, – დასძენს კანონმდებელი.

ქუცნაშვილს პრეზიდენტის სტუმრობის ფორმატისგან განსხვავებით, მარგველაშვილის გამოსვლის შინაარსი აინტერესებს და ელოდება, არა მხოლოდ პრობლემებზე საუბარს, არამედ კონკრეტულ ხედვებს. დეპუტატის შეფასებით, პრეზიდენტი საარჩევნო რეჟიმში არ არის, რომ საარჩევნო მესიჯების გაჟღერებით ამომრჩევლების ყურადღება მიიპყროს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, თუ რის თაობაზე იქნება მსჯელობა. პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია, რომელიც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე მხოლოდ პრობლემების წარმოჩინებით არ უნდა შემოიფარგლოს. ჩემთვის საინტერესო იქნება ის, მას 25 წლიანი მთავარი გამოწვევების დაძლევის გზებთან დაკავშირებით, ხედვა თუ აქვს და მან თუ იცის, როგორ შეიძლება დავძლიოთ როგორც ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა, ასევე დემოგრაფიული პრობლემები და ამისთვის რას გვთავაზობს. ასევე საინტერესოა ის, როგორ შეიძლება გაჭირვება დამარცხდეს და მცირე ბიზნესი განვითარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი პიროვნება გამოვა და პარლამენტის წინაშე პრობლემების ნუსხას ჩამოწერს, რომელიც 25 წლის მანძილზე უცვლელია. ეს იქნება ოკუპირებული ტერიტორიები, დემოგრაფიული პრობლემები თუ სიღარიბე. ველოდები არა მხოლოდ პრობლემების წარმოჩენას, არამედ რეკომენდაციებს“, – დასძენს ქუცნაშვილი.

ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ სრული ჰარმონიაა, რადგან პრეზიდენტი საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე მოდის და მისი გამოსვლა პირველივე განსახილველი საკითხი იქნება. for.ge-სთან საუბარში ბერძენიშვილი აცხადებს, რომ მთელი დღე აქტუალური საკითხი პრეზიდენტი იქნება, 12 ფრაქცია სიტყვით გამოვა, შეხვედრას პრემიერ-მინისტრი და მთავრობა დაესწრება, რაც ძალიან კარგია.

დეპუტატი უმრავლესობის დამოკიდებულებების შეცვლად ახალ რეალობას უკავშირებს. ბერძენიშვილის მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერ-მინისტრი „ქართული ოცნების“ ლიდერია, დეპუტატაცია მას ლიდერად სცნობს და როგორც ახალი ლიდერი იქცევა, დეპუტატებიც ისე იქცევიან.

„იმის გათვალისწინებით, რომ ეს ბოლო შეხვედრაა პრეზიდენტთან, სხდომა კეთილგანწყობილ გარემოში ჩაივლის. პრეზიდენტი რამდენჯერაც მოვიდა, მას იმდენჯერ, თბილად და კარგად დავხვდი. მას ძალიან თბილად ვექცეოდით. როდესაც რესპუბლიკელები მინისტრები გახდნენ, მათ მაისში თქვეს, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას დაესწრებოდნენ. ჩვენთვის არაფერი შეიცვალა. კარგია, რომ ვითარების ცვლილება ადეკვატურადაა შეფასებული. როცა კვირიკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნა, ის ადასტურებს, რომ ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნა. პრემიერი პრეზიდენტის გამოსვლას დაესწრება და პრეზიდენტის სასახლეზე მსჯელობა, კვირიკაშვილისთვის საინტერესო არ არის. კვირიკაშვილს მუშაობა უნდა და მას ამაში ხელს შევუწყობთ“, – აცხადებს ბერძენიშვილი.

ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე ვერ აკონკრეტებს, პირველივე საგაზაფხულო სხდომაზე პრეზიდენტის მისვლა რას უკავშირდება, თუმცა, for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ რაღაც პროცესები კორექტულ ფორმაში ჩაჯდა და, რომ სიძულვილის ენა ისეთი დოზით არ არის, რაც კარგია.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს ინსტიტუტები ფორმალურად მაინც ერთმანეთს არ უპირისპირდებიან და თანამშრომლობას ცივილიზებულად ცდილობენ. შემდგომ რა იქნება, ვნახოთ. პრეზიდენტი სახელმწიფო მეთაურია და მას უფლება და მოვალეობაც აქვს, რომ ყველა იმ პროცესზე, რომელიც სახელმწიფოში მიმდინარეობს, საკუთარი შეხედულება გამოთქვას. ამიტომ, გაცილებით უფრო ფართო შინაარსიან მოხსენებას ველოდები, რომელსაც ყურადღებით მოვუსმენ“, – აცხადებს გოგუაძე.

გიორგი მარგველაშვილი საკუთარ მოხსენებაში თუ რაზე გააკეთებს აქცენტებს, ამის თაობაზე for.ge-სთან საუბარში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე აცხადებს, რომ კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხეს ეხება. კვერენჩხილაძე თემატიკაზე კონკრეტულად არ საუბრობს, თუმცა, ამბობს, რომ მოხსენებაში მოცული იქნება ქვეყნის მდგომარეობის მტკივნეული და სენსიტიური საკითხები.

„ზოგიერთი დეპუტატისგან ის გაჟღერდა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა მისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული, რადგან ის მთავრობის მეთაური აღარ არის. მსურს, ამ ადამიანებს ვურჩიო, რომ კონსტიტუციონალიზმის დოქტრინაში პრეზიდენტის მოხსნებების არსი და შინაარსი ნახონ, რომელიც სახელმწიფოს მართვის მოდელზე მიბმული არ არის. პრეზიდენტი როგორც სახელმწიფოს მეთაური უფლებამოსილია, ნებისმიერ იმ თემატიკაზე გააკეთოს აქცენტი, რასაც ის საჭიროდ ჩათვლის“, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.

ქვეყნის პირველი პირი პარლამენტს 14.00 საათზე ეწვევა. შესაბამისად, მაშინ გახდება ცნობილი, უმრავლესობის დამოკიდებულება შეიცვალა მხოლოდ პრეზიდენტის სტუმრობის ფორმატთან მიმართებაში, თუ მასპინძლობის სტილთან დაკავშირებითაც, რადგან გასულ წელს, პარლამენტში პრეზიდენტს არც წითელი ხალიჩა დაუგეს, მას გამოსვლისას პრემიერ-მინისტრებისგან განსხვავებით, არც ტაში დაუკრეს და მას შენობაში შესვლაც უკანა კარიდან მოუწია.

წყარო:for.ge

Comments
Loading...