პრეზიდენტმა მარო მაყაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წითელი ჯვრის მოწყალების დას, მარო მაყაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. ოქროყანაში გამართულ ღონისძიებას მაყაშვილის შთამომავლები ესწრებოდნენ.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, მარო მაყაშვილისთვის გარდაცვალების შემდეგ ეროვნული გმირის მინიჭების იდეა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძეს ეკუთვნის, რისთვისაც პრეზიდენტმა მას მადლობა გადაუხადა.

„პირველი ასეთი ქალი, რომელიც დავაჯილდოვეთ ქალბატონი ირინა ენუქიძეა. ქალი, რომელმაც თავისი შვილის სიკვდილი და მის წინააღმდეგ ბრძოლა, ყველა ჩვენი შვილების დასაცავად გამოიყენა. ის არის მაგალითი ქართველი დედის, რომელიც არ შემოიფარგლა თავის კერძო ტკივილით და ტრაგედიით, არამედ მთელ ქვეყანას ემსახურა.

მეორე – არის პატარა გოგო, რომელიც წინა საუკუნის ოციან წლებში აქ დაიღუპა. გოგო, რომელსაც ჰქონდა ძალიან ნათელი იმედები მომავალი ცხოვრების, ფიქრობდა ოჯახზე, იმაზე თუ როგორ წავიდოდა ევროპაში, ფიქრობდა თავის როლზე საზოგადოებაში, მაგრამ აღმოჩნდა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება – საქართველოს, მისი ქვეყნის თავისუფლება, რომლის დათმობის ფონზე არაფერი ეს შესაძლებელი აღარ ხდებოდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მარო მაყაშვილი, რომელიც 19 წლის ასაკში, იმ ახალგაზრდა იუნკერებთან ერთად დაიღუპა, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ.

„მთავარი ღირებულებები ჩვენთვის უზენაესია და მათ შეიძლება ჩვენი სიცოცხლე შევწიროთ, შეიძლება ყველამ ვერ შევძლოთ ამის გაკეთება, მაგრამ ამით ვერთიანდებით. მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონი მაროს შთამომავლებს, ვინც აქ იმყოფებიან. ასევე, იუნკერების შთამომავლებს. მადლობა მინდა ვუთხრა ქართულ ჯარს, რომელიც აქ არის. მინდა პირადად მადლობა ვუთხრა ანა დოლიძეს, რომლისგანაც მოდის ეს იდეა და ხაზი მინდა გავუსვა, რომ ძალიან კარგი იდეა იყო“, – აღნიშნა ქვეყნის მეთაურმა.

პრეზიდენტმა ასევე, მადლობა გადაუხადა ყველა ქართველ ქალბატონს, რომლებიც ქვეყნის სიძლიერის, ჯანსაღი მომავლის გარანტი არიან.

„საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისთვის, წითელი ჯვრის მოწყალების დას, მარიამ – მარო მაყაშვილს მიენიჭოს ეროვნული გმირის წოდება და გადაეცეს ეროვნული გმირის ორდენი გარდაცვალების შემდეგ“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მარო მაყაშვილი საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში თბილისის მისადგომებთან 1921 წელს დაიღუპა. წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს.

19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. დაკრძალულია ქართველ იუნკრებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში (ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია რუსთაველის გამზირზე)

Leave A Reply

Your email address will not be published.