პროკურატურა ე. წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვების სრულად დახურვას მოითხოვს

პროკურატურა ე. წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვების სრულად დახურვას მოითხოვს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მოსამართლის წინაშე სახელმწიფო ბრალდება დააყენებს შუამდგომლობას, რომ სასამართლო განხილვა დაიხუროს და ყველა პროცესი ამ საქმეზე დახურულ რეჟიმში ჩატარდეს.

“ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე საზოგადოებისთვის დაგვემალა ინფორმაცია. ამის ერთ-ერთი დასტური ისიცაა, რომ ჩვენ საჯაროდ გამოვაქვეყნეთ მტკიცებულებების უპრეცედენტო რაოდენობა. თუმცა წინასასამართლო სხდომაზე არსებობდა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხე, პროცესის მონაწილე ადამიანებისთვის ხელის შეშლის საფრთხე, პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების საკითხები, ვინაიდან გარკვეულ ნაწილზე სპეციალური ღონისძიებები ხორციელდება. ასევე საქმეში არის ბრალდებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიშუამდგომლეთ, რომ პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართოს”, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

პროკურორის განცხადებითვე, საქმის განხილვისას შეფასებული იქნება ბრალდებულის პიროვნება, თუ რამდენად შესაძლებელია, რომ მას მკვლელობა დაეგეგმა და აქედან გამომდინარე, გამოკვლეული იქნება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია.

შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, პროკურატურას სურს, რომ პროცესი დაიხუროს.

Comments
Loading...