“პროკურატურა ვახტანგ ქირიას მკვლელობის მოტივის დადგენაზე მუშაობს”

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, პროკურატურა ვახტანგ ქირიას მკვლელობის მოტივის დადგენაზე მუშაობს. ამის შესახებ განცხადება ქირიას დაკრძალვაზე მყოფმა ირაკლი შოთაძემ გააკეთა.

მისი თქმით, “ამ ეტაპზე შეკრებილია მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტულმა პიროვნებამ ჩაიდინა ეს მკვლელობა”.

“ჩვენთვის ეს არის უდიდესი ტრაგედია. ჩვენ თანამშრომელი დავკარგეთ, რისთვისაც ვუსამძიმრებ მთლიანად უწყებას და ოჯახს. რაც შეეხება მოტივს, მოტივზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, ამ ეტაპზე შეკრებილია მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით იძლევა კონკრეტულ პირზე იმის თქმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტულმა პიროვნებამ ჩაიდინა მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ვახტანგ ქირიას მკვლელობა. გამოძიება გრძელდება და შედეგებზე დეტალურად იქნება ინფორმირებული საზოგადოება”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მისივე თქმით, დადგენილია, რომ ქირიას მკვლელობის მომენტში ბინაში მისი და ბიძინა კუჭავას გარდა არავინ იმყოფებოდა და აქედან გამომდინარე, მკვლელობის მოტივი ქირიას საქმიანობას არ უნდა უკავშირდებოდეს.

“მის და ვახტანგ ქირიას გარდა, სხვა ადამიანის ბინაში ყოფნა არ დასტურდება. ლოგიკურად შემიძლია ვიმსჯელო, რომ ვინაიდან ამ ადამიანებს აკავშირებდათ ნათესავური და ახლობლური ურთიერთობა, რასაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ქირიას პროკურატურაში საქმიანობასთან, შეიძლება ითქვას, რომ მოტივი არ უნდა იყოს დაკავშირებული ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ საქმიანობასთან”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

Comments
Loading...