პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი გახსნა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 1 130 401 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დამნაშავედ ცნო ერთი პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშირდნენ იაპონური კომპანიის „HONDA SUISAN CO LTD“-ის წარმომადგენლები, რომელთაც განაცხადეს, რომ ელექტრონული ფოსტის გატეხვის შედეგად, მათივე კომპანიის ანგარიშიდან, უცხო პირების მიერ მოტყუებით საქართველოში არსებული ერთ-ერთი კომპანიის ანგარიშზე გადაირიცხა დიდი ოდენობით ფულადი თანხები.

„საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო თაღლითობის ფაქტზე. დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდა იაპონური კომპანიის წარმომადგენლებს მათივე ბიზნეს-პარტნიორის სახელით და საქართველოში ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე მოტყუებით გადმოარიცხინა 1 130 401 აშშ დოლარი.

ჩატარებული გამოძიების შედეგად პროკურატურამ დააკავა დანაშაულის ჩამდენი პირი, დაყადაღებული იქნა დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხა 1 130 401 აშშ დოლარი. შესაბამისად, ბრალდებულს არ მიეცა თაღლითურად დაუფლებული თანხების განკარგვის შესაძლებლობა და დროულად იქნა აღკვეთილი ხსენებული დიდი ოდენობით თანხების შემდგომი ლეგალიზაციის საფრთხე“,- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაზარალებულს სრულად დაუბრუნა თაღლითობის შედეგად ბრალდებულის მიერ მისაკუთრებული თანხა.

Comments
Loading...