პროკურორი: ზაზა გოგავამ და მისმა მოადგილეებმა დაადასტურეს, რომ 7 ნოემბერს პირადად სააკაშვილის განკარგულებით გამოიყენეს საჯარისო ნაწილები მომიტინგეების წინააღმდეგ

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, გენშტაბის ყოფილმა უფროსმა ზაზა გოგავამ დაადასტურა, რომ საჯარისო ნაწილები მომიტინგეების წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით გამოიყენეს. მან ეს განცხადება ჟურნალისტებთან, სასამართლო სხდომაზე 7 ნოემბრის და ტელეკომპანია “იმედის” დარბევის საქმის განხილვის შემდეგ გააკეთა.

 

 

„დღეს დაიკითხა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი ზაზა გოგავა და მისი მოადგილეები. მათ დაადასტურეს რომ პირადად მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით გამოიყენეს საჯარისო ნაწილები მომიტინგეების წინააღმდეგ და ეს გააკეთეს მაშინ, როდესაც არ არსებობდა პარლამენტის თანხმობა და ჯერ არ იყო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. დადასტურდა დღევანდელ პროცესზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

 

 

მისივე თქმით, სააკაშვილმა დაარღვია კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ, კანონი თავდაცვის შესახებ, ფაქტობრივად მან უგულვებელყო ყველა კანონი, რომელიც არეგულირებდა ჯარის გამოყენებას და მან ამით ჩაიდინა დანაშაული.

 
“ეს ქმედება არის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, როგორ შეიძლება გადაამეტოს თანამდებობის პირმა სამსახურებრივ უფლებამოსილებას”, – განაცხადა პროკურორმა.

 

 

ბრალდების შუამდგომლობით, დღევანდელი სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდნინარეობდა. პროკურორმა ამის მიზეზად თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების დაკითხვა დაასახელა, რომელთა ჩვენებებიც, მისი თქმით, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია.

წყარო: guardian.ge

Comments
Loading...