პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 3 პირი არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს  მესამე განყოფილების თანამშრომლებმა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

როგორც “ინფო9”-ს შსს-დან აცნობეს, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში მდებარე სასტუმროს, ბარებისა და ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორები: 1975 წელს დაბადებული ა.ნ., 1967 წელს დაბადებული, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე ი.ვ. და 1958 წელს დაბადებული, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე გ.ვ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ  ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ.

სამართალდამცველებმა სასტუმროებში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით)”,-აცხადებენ შსს-ში.

Comments
Loading...