პუტინმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების ბრძანებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის წინააღმდეგ სპეციალური ეკონომიკურ სანქციებს ხელი მოაწერა.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით იკრძალება ან იზღუდება თურქეთის იურისდიქციის ქვეშ მოქმედი ორგანიზაციების რუსეთის ტერიტორიაზე მოღვაწეობა.

2016 წლის 1 იანვრიდან რუსეთში დამსაქმებლებს თურქეთის მოქალაქეების სამსახურში მიღება აეკრძალებათ. რუსულ ტუროპერატორებს თურქეთზე საგზურების გაყიდვა ეკრძალებათ, ჩერდება უვიზო რეჟიმი, ასევე იკრძალება ჩარტერული ავიაგადაზიდვები, საზღვაო აკვატორიაში კი საპორტო კონტროლი მკაცრდება.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები 24 ნოემბერს მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მომხდარი ზურგში მტრულ დარტყმად შეაფასა, ანკარას მძიმე შედეგებით დაემუქრა და თურქეთისგან ბოდიშის მოხდა მოითხვა. პასუხად, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ საბოდიშო არაფერი აქვს და მომავალშიც ჩამოგდებული იქნება ყველა თვითმფრინავი, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცეს დაარღვევს. ამასთან, ერდოღანმა მოუწოდა მოსკოვს, ცეცხლს ნუ ეთამაშება.

Leave A Reply

Your email address will not be published.