ქადაგიძე – ანგარიშს არ ვაბარებ მეჭიაურს და ტყემალაძეს, ანგარიშს ვაბარებ ქართველ ხალხს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძე არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლარის გაუფასურებაზე ზეწოლა გაგრძელდა, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება მოხდეს.

ქადაგიძემ ამის შესახებ ეროვნულ ბანკში გამართული ბრიფინგისას განაცხადა.

„აუცილებელია აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში თუ ლარის გაუფასურებაზე ზეწოლა გაგრძელდა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გამკაცრებას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანხმობა მთავრობასთან, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდება ფისკალური კონსოლიდაციაც“, – განაცხადა ქადაგიძემ.

მისი თქმით, მონეტარულ პოლიტიკის გამკაცრებას ბევრი უარყოფითი მხარე აქვს.

„აქვე, ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არ გახლავთ უებარი რეცეპტი. მონეტარულ პოლიტიკის გამკაცრებას აქვს ბევრი უარყოფითი მხარე. მათ შორის, ბრუნვების შემცირება, კერძო სექტორში აქტივობის შემცირება და შემცირება ეკონომიკური ზრდის.

არაერთხელ გვითქვამს, რომ საფუძვლიანი გადაჭრა ამ პრობლემის და ჩვენი მოსახლეობის რეალური შემოსავლების ზრდა, პირდაპირ დაკავშირებულია ინვესტიციების ზრდასთან, ექსპორტის ზრდასთან, ტურიზმის შემოსავლების ზრდასთან. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართოს საფუძვლიანი მსჯელობა“, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ამასთან, მისი თქმით, პარლამენტის ტრიბუნა ამისთვის სწორი და ადეკვატური ადგილია.

„ვფიქრობ, რომ პარლამენტის ტრიბუნა ამისთვის ძალიან სწორი და ადეკვატური ადგილია. კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და იმედს გამოვთქვამ, რომ პირველივე სასესიო კვირაში მოხდება ანგარიშის განხილვა“, – განაცხადა ქადაგიძემ.

Comments
Loading...