“ქალბატონო, ბუასილის სანთლები გაქვთ?” “დიახ”. “სასანთლეებიც?” -სამედიცინო ხუმრობები

რუბრიკის სტუმარია თერაპევტი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში გურამ ჩოდრიშვილი.

ჩემ წინ რიგში მდგომი ნასვამი მამაკაცი აფთიაქარს ეკითხება: “ქალბატონო, ბუასილის სანთლები გაქვთ?” “დიახ”. “სასანთლეებიც?”
ნაახალწლევს ორი მეგობარი შეხვდა ერთმანეთს. ერთი მეორეს ეკითხება: “აბა, როგორ გაატარე ახალი წელი?” “არ ვიცი… ჯერ არ მოუყოლიათ”.
საახალწლო სუფრაზე: “სმის დროს თვალებს რატომ ხუჭავ?” “ცოლს შევპირდი, ახალ წელს ჭიქაში არც კი ჩავიხედავ-მეთქი”.
შვილი დედას ეკითხება: “დედა, მამაჩემი ვინ არის?” “თოვლის ბაბუა”, – პასუხობს დედა. “ეს როგორ?” “როგორ და, მოვიდა ღამით, დამიტოვა საჩუქარი და მერე თვალითაც აღარ მინახავს”.
2000 წლის პირველი იანვრის დილა. ნაბახუსევი, სახედასივებული, თვალებჩაწითლებული და თმააჩეჩილი მამაკაცი სარკეში იყურება და ამბობს: “აი, თურმე როგორი ხარ, მესამე ათასწლეულის ადამიანო…”
პაციენტი ექიმს შესჩივის, რომ ძალიან აწუხებს წითელი ცხვირი. ექიმი: “თუ დაბადებიდან წითელი გაქვთ ან ტრავმის შედეგად გაგიწითლდათ, მედიცინა უძლურია, ხოლო თუ სმისგან – ნუ დარდობთ, განაგრძეთ სმა და ცოტა ხნის შემდეგ თქვენი ცხვირი იისფერს მიიღებს”.
ახალი წლის ღამეა. კარზე ზარია. ბავშვი ყვირილით: “თოვლის ბაბუა! თოვლის ბაბუა!” – კარის გასაღებად გარბის. იღება კარი – ზღურბლზე თეთრწვერა თოვლის ბაბუა დგას. “აბა, პატარავ, რა საჩუქარს ისურვებდი წელს?” ბავშვი მოულოდნელად სტუმარს სილას აწნავს. “რისთვის?” – კითხულობს სახტად დარჩენილი თოვლის ბაბუა. “ეს – შარშანდელი “საჩუქრისთვის”, – პასუხობს ბავშვი, – ახლა კი წლევანდელ საჩუქრებზე მოვილაპარაკოთ”.
ნაახალწლევს: “გამარჯობა. მე თქვენი ნარკოლოგი ვარ და ვეცდები, ალკოჰოლისადმი ლტოლვის დაძლევაში დაგეხმაროთ. თუ არაფერი გამომივიდა, კომპანიას მაინც გაგიწევთ”.
ერთ ჩემს პაციენტს შარდისა და განავლის ანალიზების გაკეთება მოვთხოვე. მეორე დღეს შემოვიდა და ანალიზის შედეგები გადმომცა, თან სიცილს ვერ იკავებდა. ქაღალდი გავშალე და ხარხარი ამიტყდა: ლაბორატორიაში მომუშავე ერთ ხუმარა თანამშრომელს განავლის ანალიზის პასუხის შემდეგ მიეწერა: “შარდის ანალიზის გაკეთება ვერ მოხერხდა, რადგან ქილა ვერ გავხსენით!”
მედიცინის მუშაკთა დღეა. პროქტოლოგის კაბინეტში პაციენტი შევიდა. ექიმმა თავი დაანება ავადმყოფობის ისტორიის წერას და დაღლილი სახით ჰკითხა პაციენტს: “რა გაწუხებთ, გენაცვალე?” ავადმყოფი მორიდებით ამბობს, რომ უკანა ტანში რაღაც ჩხვლეტს. “დაწექით, გაგსინჯავთ”. ექიმმა დახედა მტკივნეულ ადგილს და შეიცხადა: “ღმერთო ჩემო, აქ ხომ ვარდია!” პაციენტი (მორცხვად): “ეს თქვენ, ექიმო!..”

პატარა ბიჭუნა დედას ეკითხება: “დედა, მე როგორ გავჩნდი?” “მე და მამამ კომბოსტოში გიპოვეთ”. “ჩემი და?” “ის ვარდის კოკორში ვიპოვეთ”. მეორე დღეს ბავშვი მშობლებს სწორედ საინტერესო ქმედებისას წაადგა თავს და ჩაილაპარაკა: “ჰოჰო, რა გახურებულია მებაღეობა?!”
პაციენტმა ექიმის მოთხოვნით უამრავი გამოკვლევა ჩაიტარა და ერთ დიდ ტომად აკინძული პასუხები ექიმს მიართვა. ესკულაპეს მსახური დიდხანს ჩაჰკირკიტებდა ქაღალდებს და შიგადაშიგ თავს უკმაყოფილოდ აქნევდა. პაციენტმა ვეღარ მოითმინა:
– ექიმო, ცუდი ხომ არაფერია?
– ჯერ არა, მაგრამ აუცილებლად ვიპოვი.
– სასიამოვნოა ოპტიმისტებთან საქმის დაჭერა, – ჩაიბურტყუნა პაციენტმა.
ანკეტაში, რომელიც ოპერაციამდე შეავსო პაციენტმა, იყო ასეთი კითხვა: “ვის დავურეკოთ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში?” ავადმყოფმა უპასუხა: “უფრო კვალიფიციურ ქირურგს!”

Comments
Loading...