ქანთარია – „ცალკე გასვლის შემთხვევაში, „რესპუბლიკურ პარტიას“ არანაირი შანსი არ აქვთ“

„ცალკე გასვლის შემთხვევაში, რესპუბლიკელებს არანაირი შანსი არ აქვთ. თუ მათ ისტორიას გადავხედავთ, რამდენჯერმე სცადეს პარლამენტში მოხვედრა საკუთარი ძალებით, თუმცა ეს ვერ მოახერხეს“, – ამის შესახებ განცხადება ალექსანდრე ქანთარიამ „მარშალპრესთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა. ქანთარია ამბობს, რომ რესპუბლიკელები ჭკვიანი ხალხია და ეს კარგად იციან.

„ისინი ჭკვიანი ხალხია, ამიტომაც კოალიციაში დარჩებიან და თუ საკუთარი ინიციატივით არ გავლენ, არც ჩვენ ვაპირებთ კარებების ჩაკეტვას. თუმცა აქვე ვამბობთ, რომ გზა თავისუფალია და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ დამოუკიდებლად რამეს მიაღწევს, ღმერთმა ხელი მოუმართოს.

თუ ჩვენ გავიხსენებთ რა იყო 2012 წელამდე, ეს იყო გაჩანაგებული პოლიტიკური ოპოზიციური ველი, ნიშანწყალიც კი არ იყო იმისა, რომ რაღაცა მომხდარიყო. ჩვენ, ბევრჯერ ვცადეთ გაერთიანება სხვადასხვა ფორმატებში, მაგრამ სამწუხაროდ ამ ყველაფერმა მართლაც ჩაილურის წყალი დალია. რომ არა ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევა, მისი ავტორიტეტი, არ იქნებოდა ის რაც შეიქმნა. მაშინ მთავარი მიზანი იყო ნაციონალების ხელისუფლებიდან მშვიდობიანი გზით ჩამოშორება, რაც წარმატებით განხორციელდა. დღეს უკვე სხვა საკითხები დგას დღის წესრიგში. დღეს კოალიცია ჯერ-ჯერობით ერთიანია, თუმცა თუ ვინმეს თავისი გზის მონახვა უნდა, ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის. არაფერი მარადიული არ გახლავთ. მაგრამ დღეს კოალიციაში შემავალი სუბიექტები ფიქრობენ, რომ მათთვის უპრიანია, რომ ისინი დარჩნენ კოალიციაში“.

marshalpress.ge

Comments
Loading...