“ქართულ ოცნებაში” არ გამორიცხავენ, რომ ნარმანიას იმპიჩმენტი მოხდეს

დავით ნარმანიას მერობის პერიოდში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობის მიერ მომზადებულ ბიუჯეტს მხარს ოპოზიციასთან ერთად უმრავლეოსბაც არ უჭერს. საკრებულოს მმართველი გუნდის სახელით განცხადება დღის ბოლოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა. თედო კობახიძემ პროექტის ჩაგდება, ამის შემდეგ კი დავით ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხის დაყენება არ გამორიცხა.

უმრავლესობის სახელით გაკეთებული ამ განცხადების მიუხედავად, დავით ნარმანია ამბობს, რომ იმპიჩმენტის საკითხი ხელოვნურად წამოიწიეს. დედაქალაქის მერი დარწმუნებულია, რომ მისი ხელმძღვანელობით მომზადებული თბილისის ბიუჯეტის პროექტი სრულად ასახავს მოქალაქეების ინტერესებს.

დავით ნარმანიას წინააღმდეგ საკრებულოს უმრავლესობის წევრები განცხადებებს მეორე დღეა აკეთებენ. თედო კობახიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისის მერს გუშინ რიტორიკაც დაუწუნეს და მისი მხრიდან ოპოზიციის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გაემიჯნენ.

მმართველი გუნდის მხრიდან ნარმანიას იმპიჩმენტის შესახებ განცხადებების გაკეთებას უმცირესობა ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს. დეპუტატები დარწმუნებულები არიან, რომ მმართველი გუნდი სწორედ ყოფილი პრემიერის სურვილს ახმოვანებს, რომელიც მათივე ინფორმაციით, დავით ნარმანიას მუშაობით უკმაყოფილოა და მის გადადგომას ითხოვს.

Leave A Reply

Your email address will not be published.