ქართული ინტერნეტსივრცე შესაძლოა, რუსეთის ხელში აღმოჩნდეს

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის, ირაკლი ალასანიას, მტკიცებით, სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხი შესაძლოა, რუსეთის ხელში აღმოჩნდეს.

როგორც ირაკლი ალასანიამ კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა, ხელისუფლება მის გასხვისებაზე მუშაობს.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ამ ინფორმაციას “საგანგაშოს” უწოდებს და განმარტებებს ითხოვს.

„სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხი, რომლითაც იღებს საქართველო ინტერნეტს და მიბმულია ევროპასთან, მის გასხვისებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ აქამდე ეს იყო ქართული კომპანიის ხელში და გვაქვს ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, ამას რუსული კომპანია ვიმ-პელ-კომი შეიძლება დაეპატრონოს. ეს ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომ აუცილებელია, განმარტება გააკეთოს ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ. დღევანდელ მსოფლიოში იმდენად დიდია რისკი კიბერთავდასხმების, რომ ეს საკმაოდ საგანგაშო ინფორმაციაა,“ – აცხადებს ირაკლი ალასანია, რომლის თქმითაც, არსებულ თემაზე განმარტებების მოთხოვნით თავისუფალმა დემოკრატებმა კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას წერილობით მიმართეს.

ცნობისთვის, ეს კომპანია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთშიც ოპერირებს.

Comments
Loading...