ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ ხელშეკრულება გაგრძელდა.
როგორც ენერგეტიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ტრანზიტის საფასურის გადახდა არა ნედლეულით ანაზღაურების ფორმით, არამედ ფულადი ანაზღაურებით მოხდება.
„დღეს მთავრობის სხდომაზე „გაზპრომ-ექსპორტის“ ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით, საბოლოო წინადადება განვიხილეთ. ხელშეკრულებას, რომელიც 2016 წელს იყო გაფორმებული, 31 დეკემბერს გაუვიდა ვადა, თუმცა რამდენიმერაუნდიანი მოლაპარაკებების შედეგად, „გაზპრომ-ექსპორტისგან“ არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ოპტიმალური წინადადების მიღება შევძელით“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
მისივე ინფორმაციით, მთავრობამ კომპანიის შეთავაზებაზე იმსჯელა და ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო.
„ამ ხელშეკრულებით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება, მხოლოდ გადახდის ფორმა იცვლება, რაც ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას ითვალისწინებს. რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, ეს ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება. ასევე, გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად მივიღოთ“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
კალაძის თქმით, ხელშეკრულება ორწლიანია და პირველ წელს, ანაზღაურება ნაწილობრივ ნედლეულით, ნაწილობრივ კი, ფინანსური ფორმით მოხდება.
„ხელშეკრულება მოკლევადიანია – ორი წლის ვადით, თუმცა პირველ წელს, ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ ფულადი ანაზღაურების ფორმით გაგრძელდება. კონკრეტულ ფასს რაც შეეხება, ფინანსური თვალსაზრისით, ჩვენ დაახლოებით, იგივე შედეგს ვიღებთ, რაც ნედლეულის მიღების შემთხვევაში. მოლაპრაკაბებები ადვილი არ იყო და რამდენიმე რაუნდს მოიცავდა. ასევე საინტერესოა ის, რომ თუ ჩვენ გვექნება იმის საჭიროება, დამატებითი მოცულობები წამოვიღოთ, ფასი 215 დოლარის ნაცვლად, 185 დოლარი იქნება“,- განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე აღნიშნულ წინადადებას არ დათანხმდება, ბუნებრივი აირის არაკანონიერი გზით მიღება მოუხდება.
„მათი მოთხოვნა იყო, რომ ფინანსურ ანაზღაურებაზე გადავსულიყავით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეგვეძლებოდა, ბუნებრივი აირის წამოღება არაკანონიერად გაგვეგრძელებინა, მოგვეპარა. შემდეგ, ამას სამართლებრივი დავა მოყვებოდა და ეს ჩვენი ქვეყნისთვის ზიანის მომტანი იქნებოდა. ამიტომ, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ეს წინადადება იქნა მიღებული“, – განაცხადა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრი „გაზპრომის“ ხელმძღვანელობას გუშინ, მინსკში შეხვდა.