„ქართული ოცნება“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა წარდგეს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ფიქრობს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა წარდგეს.

როგორც ჟურნალისტებს მეჭიაურმა განუცხადა, ის ვერ აკონკრეტებს, კოალიცია დაიშლება თუ არა.

„ყოველ შემთხვევაში, ახალი არ უნდა აეწყოს, ამან შეიძლება დაამთავროს, მაგრამ არჩევნებში კოალიციურად მონაწილეობის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ძირითადად, კოალიციურად ის სუბიექტები მონაწილეობენ არჩევნებში, რომლებსაც ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ ბარიერის გადალახვის პრობლემას არაფერი არ უქმნის და მისთვის აუცილებელი ზოგიერთი პარტიის რეანიმაციიდან გამოყვანა, რატომ უნდა იყოს? ზოგიერთი უკვე შეიძლება კარგად არის, მაგრამ რეანიმაცია მუდმივ რეჟიმში მუშაობს“, – აცხადებს მეჭიაური.

ის, ასევე, ამბობს, რომ „რესპუბლიკელებისა“ და „მრეწველების“ დაპირისპირებაზე ყოფილ პრემიერთან ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები არ ჰქონია, თუმცა, თუკი საშუალება ექნება, ივანიშვილს ურჩევს, არჩევნებში პარტიები ცალ-ცალკე გამოვიდნენ.

„მას გადამწყვეტი სიტყვა უნდა ჰქონდეს, იმდენად რამდენადაც, ეს გუნდი მისი ჩამოყალიბებულია“, – განაცხადა მეჭიაურმა.

Comments
Loading...