ქართული ჭაჭა მსოფლიოს ინოვაციური სასმელების კონკურსზე სამ ფინალისტს შორის მოხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივით ქართული კომპანიები მსოფლიოს ინოვაციური სასმელების კონკურსზე (World Beverage Innovation Awards 2015) წარდგენენ.

საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში მსოფლიოს 40 ქვეყნიდან 360 ნომინანტი 26 კატეგორიაში ინოვაციური სასმელის სხვადასხვა ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოდა. მიუხედავად პირველად მონაწილეობისა, კონკურსი შედეგიანი აღმოჩნდა ქართული კომპანია “ზეარისათვის”, რომელიც საკუთარი ჭაჭის ხელნაკეთი და ნატიფი ჭურჭლით “საუკეთესო შეფუთვის” ნომინაციაში სამ ფინალისტს შორის მოხვდა.

“ღონისძიების დასკვნითი ნაწილი და დაჯილდოების ცერემონიალი გერმანიაში, ქალაქ ნიუნრბერგში 11 ნოემბერს გაიმართება, სადაც ოფიციალური მოწვევით კომპანია “ზეარისის” წარმომადგენლები გაემგზავრებიან და საბოლოო შედეგებს დაელოდებიან, თუმცა, ცხადია, პირველივე ჯერზე ღირსეული კონკურენტების ფონზე მსგავსი წარმატება საკმაოდ მნიშვნელოვანი მიღწევაა და ხელს უწყობს ქართული პროდუქციის საზღვრებს მიღმა პოპულარიზაციას, ქართული წარმოებით უცხოელი ინვესტორებისა თუ საერთაშორისო მყიდველების დაინტერესებას.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ძალისხმევით წელს პირველად გახდა შესაძლებელი მსოფლიოს ინოვაციური სასმელების კონკურსში ქართული მხარის ჩართვა, სადაც რამდენიმე ტიპის ნომინაციაში საქართველო ხუთი კომპანიით წარსდგა, კერძოდ საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივის ნომინაციაში კომპანიამ “Bioproduct”, საუკეთესო გაზიანი სასმელის ნომინაციაში კომპანიამ “ხილიანი”, საუკეთესო წვენის ნომინაციაში კომპანიამ “კამპა”, ხოლო საუკეთესო შეფუთვის დიზაინის ნომინაციაში კომპანიებმა “ზეარის” და “წყალი მარგებელი” მსოფლიოს მასშტაბით წამყვან კომპანიებს გაუწიეს კონკურენცია”, – განმარტავენ მეწარმეობის განვითარების სააგენტოში.

Comments
Loading...